ამ ძალებს სურთ, საქართველოს ხელისუფლების დამხობა და მეორე ფრონტის გახსნა, - განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ სოხუმში, პარტია „ამცახარას“ ყრილობაზე გამოსვლისას ევროპის სახელმწიფოებისა და აშშ-ს შესახებ.
მისი შეფასებით, აფხაზეთის გარშემო რთული სიტუაციაა.
„საერთაშორისო სამხედრო-პოლიტიკური ვითარება უკიდურესად რთულია. რუსეთი იძულებულია, ჩაატაროს სპეციალური სამხედრო ოპერაცია. ჩვენი მოკავშირის წინააღმდეგ 50 სახელმწიფოზე მეტი იბრძვის, მათ შორის თითქმის მთელი ევროპა და აშშ. ამ ფონზე ამ ძალებს სურთ საქართველოს ხელისუფლების დამხობა და მეორე ფრონტის გახსნა. ამ მიზნით აპრილ-მაისში მზადდება მსხვილმასშტაბიანი პოლიტიკური აქციები საქართველოში. დღეს ვითარება გაცილებით რთულია, ვიდრე 2008 წელს“, - განაცხადა ბჟანიამ.
მან აღნიშნა, რომ აფხაზეთმა უნდა გაამყაროს კავშირი რუსეთის ფედერაციასთან. დე ფაქტო პრეზიდენტმა დეტალების დაკონკრეტების გარეშე ისაუბრა აფხაზეთის შეიარაღებული ძალების სამობილიზაციო და საბრძოლო მზადყოფნის ამაღლების ღონისძიებების შესახებ.
„ჩვენ ომი არ გვინდა, მაგრამ ყველაფრისთვის მზად ვართ. მოძმე რუსეთთან ერთობით და კავშირით“, - განაცხადა დე ფაქტო პრეზიდენტმა.