უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო პროტესტს გამოხატავს უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაჰუმანური მოპყრობის გამო. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის საგარეო უწყების განცხადებაშია ნათქვამი.
„სსრკ-ს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის ყველაზე უარეს ტრადიციებში საქართველოს ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის მიმართ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობას იყენებს, უარს ეუბნება მას სასწრაფო აუცილებელ სამედიცინო დახმარებაზე, რითაც განზრახ უქმნის პირდაპირ საფრთხეს მის სიცოცხლეს. უკრაინის მოქალაქის მიმართ ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა ეწინააღმდეგება ევროკავშირში გაწევრიანების თბილისის მიერ დეკლარირებულ კურსს და საქართველოში დემოკრატიისგან გადახვევას მოწმობს“, - ნათქვამია განცხადებაში.
ამათან, უკრაინის საგარეო უწყება მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, „დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სააკაშვილის შეურაცხყოფა“ და გადასცეს იგი უკრაინას. უწყება ასევე მიმართავს უცხოეთის სახელმწიფოების მთავრობებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, საჯაროდ დაიცვან უკრაინის მოქალაქე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომლის სიცოცხლეც „საქართველოს ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური რეპრესიების“ გამო საფრთხეში აღმოჩნდა.