ვერცერთი კონკრეტული ადამიანის სახელი და გვარი - ვერც მიხეილ სააკაშვილის, ვერც ნიკოლოზ სამხარაძის და ვერც საქართველოს სხვა მოქალაქის, ვერ გახდება შემაფერხებელი [ფაქტორი] საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის, იმიტომ რომ ევროკავშირი არ არის ის ორგანიზაცია, რომელიც ერთ კონკრეტულ ადამიანზე და მის ბედზე არის მორგებული და იმის მიხედვით წყვეტს, მიიღოს თუ არა ქვეყანა ორგანიზაციაში. ეს ნამდვილად ასე არ არის, - ამის შესახებ ნიკოლოზ სამხარაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ევროპარლამენტის რეზოლუციაში ყოფილ პრეზიდენტზე გაკეთებულ ჩანაწერზეც ისაუბრა, რომელიც მისი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანას ითვალისწინებს.
„რაც შეეხება ამ ჩანაწერს, ამ ბოლო დროს ძალიან ხშირად ვისმენთ, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ ჰუმანიტარული სახის გადაწყვეტილება უნდა იყოს და უკვე აღარავინ აყენებს ეჭვქვეშ იმას, რომ მიხეილ სააკაშვილი სრულიად სამართლიანად და კანონიერად იხდის სასჯელს. ვთქვათ, ეს ასე იყოს, ვიცით ზუსტად რა დიაგნოზი აქვს ამ ადამიანს დასმული და ამ დიაგნოზით ვერ ხერხდება საქართველოში მკურნალობა? შესაბამისად, ეს არის პოლიტიკური მიუკერძოებლობის საგანი. რამდენიმე ევროპარლამენტარს წარსულში ჰქონდა ძალიან ახლო ურთიერთობა მიხეილ სააკაშვილთან. ამ ყველაფრით სარგებლობენ და ცდილობენ მას მხარი დაუჭირონ“, - განაცხადა სამხარაძემ.