ომბუდსმენობის კანდიდატების ქულებით შეფასება პირობითია, არავითარი სარეიტინგო მაჩვენებლები, უპირატესობა და პრეფერენციები არც ერთს არ ექნება, თანაბარი შანსი აქვს როგორც პირველ ადგილზე, ისე ბოლო ადგილზე გასულ კანდიდატურას
, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც 9 - კაციანი კომისიის მიერ სახალხო დამცველობის კანდიდატთა ქულებით შეფასებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, კომისიის მიერ დაწერილი შეფასებები კანდიდატთა დასასახელებლად რომ სავალდებულოდ გასათვალისწინებელი არ ყოფილიყო, ამას თავად ოპოზიცია ითხოვდა.
"არავითარი რეიტინგი არ შეიძლება არსებობდეს. ჩვენ ხომ ვთქვით, რა დანიშნულება და რა მიზანი აქვს თითოეულ ეტაპს, ნათქვამი გვაქვს, რომ საბოლოო ორიენტირი და მიზანი არის, რომ სულ მცირე 7 კანდიდატი იყოს დასახელებული პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან და შემდგომ ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას ამ 7- დან რომელი იქნას არჩეული. წინასწარ მანიპულაციების და მაქინაციების შეთავაზება საზოგადოებისთვის, რომ მაინც და მაინც რომელიმე კონკრეტული კანდიდატის პრომოუტირება გვქონდეს სახეზე, პროცესს აზიანებს და ეს შეიძლება იყოს მანამდე დაგეგმილი მათი სტრატეგია, რომ ხელი შეუშალოს პროცესების სამართლიანად და ნორმალურად წარმართვას. თვითონ ოპოზიცია მოითხოვდა ამას, სულ ერთია რა ქულებით შეფასდებიან, მაინც უნდა გვქონდეს თავისუფლება კანდიდატების დასახელების დროსო, მე ხომ არ მოვითხოვდი?! არავითარი მნიშვნელობა არ ექნება იმას, რომელი კანდიდატია მეტი ქულით შეფასებული და რომელი ნაკლებით, სულ მცირე იმის გამო, რომ წინ გვაქვს დასახელებული კანდიდატების შეფასება საკომიტეტო მოსმენების დროს. ქულებით შეფასება პირობითია, არავითარი სარეიტინგო მაჩვენებლები, უპირატესობა და პრეფერენციები არც ერთს არ ექნება, თანაბარი შანსი აქვს როგორც პირველ ადგილზე, ისე ბოლო ადგილზე გასულ კანდიდატურას. მაგალითად, ნაკლები ცნობადობის გამო რომ რომელიმე კანდიდატურა საერთოდ არ შეფასებულა, არავინ იფიქროს, რომ მას საერთოდ პერსპექტივა ეკარგება, ეს ასე ნამდვილად არ არის,"- განაცხადა სარჯველაძემ.
შეგახსენებთ, რომ 2022 წელს საქართველოს სახალხო დამცველობის კანდიდატად წარდგენის მსურველ პირთა შეფასების სამუშაო ჯგუფის მიერ კანდიდატთა შეფასება დასრულდა. ჯგუფი კანდიდატებს რამდენიმე კატეგორიის მიხედვით აფასებდა და შესაბამისი ქულების მიხედვით ლიდერობენ: ანა აბაშიძე, ნაზი ჯანეზაშვილი, ნუგზარ კოხრეიძე, გიორგი ბურჯანაძე და სერგო მახარაძე.