პროტესტი შეთავსებადია სხვადასხვა მოქმედებებთან და ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ (ოპოზიცია) ყველაზე მთავარ იდეაში ვთანხმდებით - ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება არჩევნებით უნდა წავიდეს, - ასე ეხმიანება ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე ჟურნალისტებთან ოპოზიციის ნაწილის მოსაზრებას, რომ 12 რეკომენდაციაზე პარლამენტში „ქართულ ოცნებასთან" თანამშრომლობა შედეგს არ მოიტანს.
მისი თქმით, არ აქვს ილუზია, რომ "ქართული ოცნება" სწორ ნაბიჯებს გადადგამს და არც მათთან ერთ სივრცეში ყოფნა უხარია ვინმეს, თუმცა, თუკი კანდიდატის სტატუსს ქვეყანა ვერ მიიღებს, მნიშვნელოვანია "ქართულ ოცნებას" საშუალება არ მიეცეს, რომ ეს ოპოზიციას ან ევროკავშირს გადააბრალოს.
„12 პუნქტის გარშემო ალტერნატიული მოსაზრებების ჩამოყალიბება და საზოგადოებისთვის ჩვენება მნიშვნელოვანია. თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, დაზარალდება ქვეყანა და "ქართულ ოცნებას" არ უნდა მივცეთ საშუალება დააბრალოს ან ოპოზიციას ან ევროკავშირს ის, რომ კანდიდატის სტატუსი ვერ მივიღეთ. არავის უხარია „ქართულ ოცნებასთან" ერთ შენობაში ყოფნა და მასთან რაიმე სივრცის გაყოფა, მაგრამ მთავარია ჩვენი ანგარიშვალდებულება ჩვენი მოქალაქეების და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე. მე მესმის მათი მოსაზრების და სრული ლეგიტიმაცია აქვს ამ მოსაზრებას, რომ არსებობდეს, მესმის, პროტესტის სხვადასხვა ფორმებს ეძებენ. პროტესტიც შეთავსებადია სხვადასხვა მოქმედებებთან და ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველაზე მთავარ იდეაში ვთანხმდებით, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება არჩევნებით უნდა წავიდეს,"- განაცხადა დეკანოიძემ.
მისივე თქმით, 12 პუნქტის შესრულება "ქართული ოცნებისთვის" სავაჭრო თემა გახდა და "ხალხის ძალა" ბიძინა ივანიშვილს ახმოვანებს.
"სამწუხარო პროცესი მოდის და ეს არის გამოხატულება ოლიგარქიულ - კლეპტოკრატიული რეჟიმის, როცა საპარლამენტო ცხოვრება და 12 პუნქტის შესრულება გახდა "ქართული ოცნებისთვის" სავაჭრო თემა. ამ ოთხეულს, ათეულს თუ არ ვიცი, ახლა რამდენეულია, მათ არ განვიხილავ "ქართული ოცნებისგან" განცალკევებულად, ისინი არიან "ქართული ოცნების" შემადგენელი ნაწილი და ყველა ვინც "გადადის" მათთან, ეს არის ძალდატანებითი გადასვლა. ეს ჯგუფი არის ხისტი ანტიდასავლური კამპანიის გამტარებელი, თორემ სინამდვილეში, მათ დაადასტურეს, რომ არავითარი სხვაობა არ აქვთ "ქართულ ოცნებასთან." ივანიშვილმა გადაწყვიტა ანტიდასავლურ კამპანიაზე ააგოს საკუთარი სტრატეგია, რომ თუ "ქართული ოცნება" ვერ შეასრულებს ან მოინდომებს ვერ შეასრულოს 12 პუნქტიანი რეკომენდაციები, ღიად დაადანაშაულონ ევროკავშირი. ეს არის ბიძინა ივანიშვილის ძალიან სახიფათო თამაში,"- განაცხადა დეკანოიძემ.