ფიზიკური თავდასხმები კრიტიკულ მედიაზე, ჟურნალისტების მიმართ ცინიკური დამოკიდებულება თანამდებობის პირების მხრიდან და შეკრების უფლების შეზღუდვა - სახალხო დამცველი პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე ანგარიშს წარადგენს:
"სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დაცვის ხარისხი გაუარესდა. ჟურნალისტებს, სამოქალაქო აქტივისტებსა და უფლებადამცველებს საფრთხის შემცველ და მტრულ გარემოში უწევთ საქმიანობა. ჩვეულ პრაქტიკად იქცა პოლიტიკური თანამდებობის პირთა მხრიდან კრიტიკული მედიის წარმომადგენელთა მიმართ ცინიკური დამოკიდებულება, დისკრიმინაციული განცხადებები და სახელმწიფო უწყებების ღონისძიებაზე მათი არდაშვება.
შეკრების უფლების რეალიზების მხრივ მთავარ პრობლემას საკანონმდებლო ჩარჩო და შეკრების თავისუფლების შეზღუდვის მანკიერი პრაქტიკა წარმოადგენს. 2021 წელს სამართალდამცავები შეკრებების დასაშლელად არაპროპორციულ ძალას იყენებდნენ, ხოლო შეკრების მონაწილეთა ადმინისტრაციული დაკავების შემთხვევები მეტწილად შეკრების თავისუფლებაში დაუსაბუთებელი ჩარევის სახეს იღებდა. საგულისხმოა, რომ სახელმწიფო ძალას მხოლოდ ოპოზიციურად განწყობილი პირების, სამოქალაქო აქტივისტებისა და უფლებადამცველების მიერ ორგანიზებული შეკრებების დროს იყენებდა, გაცილებით ლმობიერი იყო სახელმწიფოს რეაგირება ულტრა მემარჯვენე მოძალადე ჯგუფების მიერ ორგანიზებულ შეკრებების მიმართ.
2021 წლის 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას სახალხო დამცველმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ საქართველოს პროკურატურას ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და წახალისების ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა არცერთი პირის მიმართ არ დაუწყია.
ტოტალური კონტროლის საფრთხეს აჩენს სავარაუდოდ უკანონო თვალთვალის, ფართომაშტაბიანი მოსმენებისა და მოქალაქეთა პირადი ცხოვრების უფლებაში მასობრივად და უხეშად ჩარევა. პირადი ცხოვრების ამსახველი უპრეცედენტო რაოდენობის მონაცემები სავარაუდოდ, არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური ძალადობის, დანაშაულის შეუტყობინებლობისა და სამართალდამცავი უწყების წარმომადგენელთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებსაც შეიცავს.
პოლიტიკური უფლებების დაცვის სტანდარტების გაუარესება საარჩევნო უფლებების რეალიზაციაზეც აისახა. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები თავისუფალ და თანასწორ გარემოში არ წარმართულა. წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური ნიშნით შრომის თავისუფლებაში ჩარევის ტენდენცია გამოიკვეთა როგორც კერძო თუ საჯარო სექტორში. სახალხო დამცველის მიერ შესწავლილი ფაქტებიდან სავარაუდოდ დისკრიმინაციულად, პოლიტიკური შეხედულებების გამო 69 პირი სამსახურიდან გაათავისუფლეს ან სამსახურებრივად შეავიწროეს.
ძირეულ რეფორმას საჭიროებს საქართველოში მოქმედი ინფორმაციის თავისუფლების მარეგულირებელი კანონმდებლობა." განაცხადა ნინო ლომჯარიამ.