ხომ არ იცით ვინ არის ის ადამიანი, ვინც გადაწყვიტა, რომ ახალი სპორტის სასახლე მაინც და მაინც იმ ადგილას უნდა აშენებულიყო - „ევრობასკეტის“ მატჩები ქუჩის მარცხენა მხარეს რომ მიმდინარეობდა, მარჯვენა მხარეს მიცვალებულებს კრძალავდნენ და სამგლოვიარო პროცესიები დადიოდა, - ასე მიმართა პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე კულტურისა და სპორტის მინისტრს თეა წულუკიანს.
ელისაშვილის განცხადებით, ურბანული თვალსაზრისით ეს აბსოლუტური „ოროსნობა იყო“, რადგან სპორტის სასახლეს ქალაქის ცენტრთან მხოლოდ ერთი სატრანსპორტო არტერია აკავშირებს.
„96 მილიონი თქვით, რომ ახალი სპორტის სასახლე აშენდაო - მეც და, ალბათ, მთელ საქართველოს გვაქვს ასეთი კითხვა, ხომ არ იცით, ვინ არის ის ადამიანი, ვინც გადაწყვიტა, რომ ის სპორტის სასახლე მაინც და მაინც იმ ადგილას უნდა აშენებულიყო. ვინ არის ის უგუნური ადამიანი, ჩემი აზრით, იმიტომ, რომ 360 გრადუსით არის სასაფლაოების გარემოცვაში სპორტის სასახლე. „ევრობასკეტის“ მატჩები ქუჩის მარცხენა მხარეს რომ მიმდინარეობდა, მარჯვენა მხარეს მიცვალებულებს კრძალავდნენ და სამგლოვიარო პროცესიები დადიოდა. იმას რომ თავი დავანებოთ, რომ ეს იყო აბსოლუტური ოროსნობა ურბანული თვალსაზრისით - ერთი ვიწრო სატრანსპორტო არტერია აკავშირებს ამ სპორტის სასახლეს ქალაქთან, ეს არის უნივერსიტეტის ქუჩა, რომელიც, რა თქმა უნდა, გადაიტვირთებოდა, როგორც კი იქ მატჩი იქნებოდა და გადაიტვირთა კიდეც. ჯოჯოხეთი იყო მატჩზე მისვლა, იმას რომ თავი დავანებოთ, რომ ვენტილაციის სისტემა არ არსებობდა, ზედა იარუსებზე კინაღამ დაიხრჩო ხალხი უჰაერობით“,- განაცხადა ელისაშვილმა.