ნიკა მელიამ განაცხადა, რომ პოლიტიკური შესაძლებლობების უნიკალური ფანჯარა იხურება და თურმე, რაღაც უნდა მოასწროს - ნიკა, თქვენთვის ეს ფანჯარა უკვე დახურულია, თქვენი პოლიტიკური თითები შეიძლება ამ ფანჯარაშია მოყოლილი და ეს გაწუხებთ, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რითაც "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, რიგგარეშე არჩევნებზე განცხადებები მიუთითებს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" გაკოტრებული პოლიტიკური ძალაა.
"ჯანსაღ ოპოზიციას შეხედონ, რომლებიც პარლამენტში კარით დადიან - კარები ჩვეულებრივად იღება. ასე რომ, ფანჯრიდან პოლიტიკაში ნურც შემოსვლას ეცდებიან და ნურც გასვლას, ეს იქნებოდა მეგობრული რჩევა. რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნებს, ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" ძველი ყუთიდან ამოღებული განცხადება, ეს იმაზე მიუთითებს, რომ ეს პოლიტიკური ძალა გაკოტრებულია და მას შინაარსი და გეგმა არ გააჩნია. მალე დადგება დრო და ეს იქნება რიგით არჩევნებზე, როცა "ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკურ ფასს გადაიხდის პოლიტიკური საბოტაჟისთვის - მის სივრცეს დემოკრატიული არჩევნებით ჯანსაღი ოპოზიცია დაიკავებს",- განაცხადა თალაკვაძემ.