„ქართულმა ოცნებამ" ბუნდოვანი პროცედურები წარმოადგინა - ომბუდსმენის კანდიდატებს აფასებს ცხრაკაციანი ჯგუფი, ეს სანდოობის პრობლემას ვერ წყვეტს,- ამის შესახებ გირჩის" დეპუტატმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, დეპოლარიზაციის პრობლემამ ამ პუნქტთან დაკავშირებულ პროცესშიც თავი იჩინა.
"არ მეგონა, რომ ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან სახალხო დამცველის არჩევის პუნქტი ისეთი მნიშვნელოვანი აღმოჩნდებოდა, როგორც დეოლიგარქიზაცია ან დეპოლარიზაცია, მაგრამ რასაც ვაკვირდები, ზუსტად ჩხუბთან, დეპოლარიზაციასთან დაკავშირებული თემაა. ანუ კანდიდატი ინკლუზიურად შერჩეული უნდა იყოს, ადამიანები ერთმანეთს უნდა ელაპარაკებოდნენ. ამ პროცესის დეფიციტი გვაქვს. "ქართულმა ოცნებამ" ბუნდოვანი პროცედურები წარმოადგინა, რომ კანდიდატებს აფასებს ცხრაკაციანი ჯგუფი, ეს ამ პრობლემას ვერ წყვეტს. ანუ სანდოობის პრობლემას ვერ წყვეტს. მნიშვნელოვანი იქნება როგორც "ქართული ოცნება", ასევე "ნაციონალური მოძრაობა" ჩართული იყვნენ დისკუსიაში, როგორ აპირებენ კანდიდატის ინკლუზიურად შერჩევას. ეს მოცემულობა არ გვაქვს და პრობლემა ამაში მდგომარეობს. დეპოლარიზაციის პრობლემა ამ პუნქტის შესრულებაზეც გადმოვიდა. სახალხო დამცველზე მეტად, ამ ქვეყანაში ვინ შეიძლება გვჭირდებოდეს? - უნდა ვსაუბრობდეთ, ეს რა ინსტიტუტია და რა კონკრეტული ამოცანები ჰქონდეს დღევანდელ ვითარებაში, რაზეც საუბარი საერთოდ არ არის და რაღაც პროცედურებზე ვსაუბრობთ, რაზეც შეუძლებელია ადამიანები შეთანხმდნენ, რადგან წინასწარ არის ცნობილი, რომ ეს ხალხი ერთმანეთს მტრობს",- განაცხადა მეგრელიშვილმა.