შესაძლებელია და არ გამოვრიცხავთ, რომ ჩვენც ჩავატაროთ ცალკე, დამოუკიდებელი ექსპერტიზა, რათა საბოლოო ჯამში დავრწმუნდეთ, რა ხდება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ირგვლივ და არ დარჩეს არც ერთი მცირე კითხვის ნიშანიც კი, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, მიხელ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, სპეციალური პენიტანციური სამსახური აკეთებდა, აკეთებს და მომავალშიც ყოველთვის გააგრძელებს მაქსიმუმის გაკეთებას, რათა მისი ჯანმრთელობის უფლება იყოს დაცული.
მინისტრის განმარტებით, სასჯელის გადავადებასა და სასჯელისგან გათავისუფლებაზე გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო და არა იუსტიციის სამინისტრო.
„როგორც მოგეხსენებათ, ის უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში იმყოფება „ვივამედის“ კლინიკაში. მას ამჟამად უტარდება ასევე „ემპათიის“ ექსპერტიზა. ჩვენ ასევე არ გამოვრიცხავთ სხვა, დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებასაც. აბსოლუტურად ყველაფერი კეთდება, როგორც მიხეილ სააკაშვილის, ასევე ნებისმიერი სხვა პატიმრის შემთხვევაში, რათა მაქსიმალურად უზრუნველყოფილი იყოს ჯანმრთელობის მდგომარეობა.
რაც შეეხება დასკვნას, ჯერჯერობით ასეთი დასკვნა არ არსებობს და კარგად მოგეხსენებათ, რომ სასჯელის გადავადებასა და სასჯელისგან გათავისუფლებაზე გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო და არა იუსტიციის სამინისტრო“, – აღნიშნა რატი ბრეგაძემ.
რატი ბრეგაძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ როგორიც არ უნდა იყოს დასკვნა, სასჯელისგან გათავისუფლებაზე ან სასჯელის გადავადებაზე გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო და არა იუსტიციის სამინისტრო, რადგან მსჯავრდებული პატიმრის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაყვანას საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.
„მსგავსი ტიპის დასკვნა, და რატომღაც თქვენ ეგრევე საუბრობთ ნეგატიურ კონტექსტში, რომ თუ ის იქნება ცუდად. თქვენ იცით, რომ ის ცუდად იქნება? შეიძლება, ძალიან კარგად არის ხომ და არ აქვს რაიმე ძალიან სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემა. დასკვნა შეიძლება, იყოს ორგვარი, ან სამგვარი. თქვენ ავტომატურად საუბრობთ ყველაზე ცუდ და ნეგატიურ სცენარზე. ჩვენ არ ვსაუბრობთ მსგავსი ტიპის სცენარზე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როგორიც არ უნდა იყოს დასკვნა, ამ შემთხვევაში სასჯელისგან გათავისუფლებაზე ან სასჯელის გადავადებაზე გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო და არა იუსტიციის სამინისტრო. შესაბამისად, აქ ჩვენს პოზიციაზე რა უნდა ვისაუბროთ? რაც იქნება გადაწყვეტილება მიღებული, მას შემდეგ. არსებობს სტატუსი, ეს ადამიანი არის მსჯავრდებული და თან პატიმარი. მსჯავრდებული პატიმარი სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ პენიტენციურ დაწესებულებებში. იმისთვის, რომ ის გავიდეს საზღვარგეთ, იქნება ეს სამკურნალო, თუ ნებისმიერი სხვა მიზანი, ის არ უნდა იყოს მსჯავრდებული პატიმარი. ამისთვის კი აუცილებელია, მისი სასჯელი იყო გადავადებული ან იყოს გათავისუფლებული. ჩვენ ჩვენი მანდატის ფარგლებში, როცა ჩვენთან არის მსჯავრდბული პატიმარი, მას ვერ გავუშვებთ ვერც საზღვარგარეთ და ვერც ნებისმიერ სხვა ადგილას, თუ ამას არ ითვალისწინებს კანონმდებლობა და მსჯავრდებული პატიმრის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაყვანას საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, ვმოქმედებთ მხოლოდ და მხოლოდ კანონმდებლობის ფარგლებში“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
ipress.ge