მე ვიცი, რომ ყირიმი უკრაინასთან არის და ჩვენს დაბრუნებას ელოდება, მინდა ყველამ იცოდეთ, რომ ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ყირიმის პლატფორმის“ მეორე სამიტზე სიტყვით გამოსვლისას.
„ჩვენ დავბრუნდებით და გამოვასწორებთ ყველაფერს, რაც ოკუპანტებმა გააკეთეს ჩვენს - უკრაინულ - ნახევარკუნძულზე, რაც ყირიმსა და შავი ზღვის რეგიონში რუსეთის აგრესიასთან ერთად, რუსულ იარაღთან ერთად მოვიდა - კატასტროფული ეკოლოგიური საფრთხეები, ყირიმის ბუნების უპრეცედენტო განადგურება, სოციალური ცხოვრების განადგურება, ეკონომიკური დაცემა, ძეგლების ნგრევა, მილიტარიზმი“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტერორის დასაძლევად აუცილებელია რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში გამარჯვება.
„აუცილებელია ყირიმის გათავისუფლება. ეს იქნება მსოფლიო კანონისა და წესრიგის აღორძინება. ამიტომ, ჩვენ უნდა გავათავისუფლოთ ყირიმი ოკუპაციისგან“, - განაცხადა მან.