ბოლოს რამდენიმე კვირის წინ, როცა მე მასთან ვიყავი წონაში კლება არ იყო ასეთი თვალში მოსახვედრი, ახლა განსაკუთრებულად დაკლებული აქვს , – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ სააკაშვილის მონახულების შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის წონაში კლება ძალიან ნიშანდობლივია და ეს აწუხებთ მათ შორის პერსონალს და ექიმებსაც.
„პირველი თვალში მოსახვედრი რაც იყო, მისი ძალიან სერიოზული წონაში კლებაა. ბოლოს, როცა, რამდენიმე კვირის წინ, მასთან ვიყავი, წონაში კლება არ იყო ასეთი თვალში მოსახვედრი, ახლა განსაკუთრებულად დაკლებული აქვს. ვფიქრობ, რომ ეს აწუხებს ექიმებს და პერსონალს, სხვათა შორის ძალიან მადლობელია პერსონალის, ექიმების, ვინც არიან ამ ჰოსპიტალში და ამბობს, რომ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მეტ-ნაკლებად გაუმჯობესდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს წონის კლება არის ძალიან ნიშანდობლივი, რომელიც რეალურად მე მაწუხებს, როგორც მის მეგობარს პირველ რიგში.
რაც შეეხება მის გზავნილებს, ჩვენ ვისაუბრეთ ძირითადად უკრაინაზე, უკრაინის წარმატებაზე, რაც ბოლო პერიოდში ასე თვალშისაცემია. ასევე მე მას გადავეცი გზავნილები, რომელიც ამერიკელმა პარტნიორებმა გადმომცეს. იცით, რომ აშშ-ში სულ რამდენიმე კვირის წინ ვიმყოფებოდი და ამიტომ ვისაუბრეთ ძირითადად ძალიან მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე, რომელიც აქვს ჩვენ ქვეყანასა და მათ შორის უკრაინას. ასევე ჩვენი უკრაინელი მეგობრების, მისი მეგობრების გზავნილები გადავეცი მიხეილ სააკაშვილს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
მისივე თქმით, საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე მოვლენებსაც.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ საქართველოში მიმდინარე მოვლენებზეც, ვისაუბრეთ, რომ საქართველოს ევროპული არჩევანი, რაც საქართველოს მოსახლეობის 90%-ზე მეტის არჩევანია, ეს არჩევანი არსად არ წავა, არსად არ შეიცვლება. ჩვენი პარტიის წარმომადგენლები გუშინ ვიყავით კახეთში, პანკისის რეგიონში, ახმეტაში და ძალიან ბევრი ადამიანის დანაბარები გადავეცით, ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენ როგორც უკრაინაზე და მსოფლიოზე, ასევე საქართველოში მიმდინარე მოვლენებზეც ვისაუბრეთ“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ipress.ge