საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ ეხმაურება აშშ-ის საელჩოს განცხადებას არასამთავრობო ორგანიზაცია „ისფედთან“, იგივე „სამართლიან არჩევნებთან“ დაკავშირებით, რომელსაც პარლამენტში შექმნილ საარჩევნო სამუშაო ჯგუფში დაშვებაზე უარი ეთქვა.
„საელჩომ „ისფედს“ ერთ-ერთი ყველაზე სანდო საარჩევნო სადამკვირვებლო ორგანიზაცია უწოდა და სამუშაო პროცესში მისი არდაშვების გამო პროცესის გულწრფელობაში ეჭვი შეიტანა. შეგახსენებთ, რომ ეს ის „ისფედია“, რომელიც გასული ორი წლის განმავლობაში უკვე ორჯერ მოექცა რევოლუციური პროცესების ავანგარდში. პირველად ეს მოხდა საპარლამენტო არჩევნების მეორე დღეს, 1-ელ ნოემბერს, როდესაც „ისფედმა“ ცესკოს შედეგებს აცდენილი პარალელური ხმის დათვლის შედეგები გამოაქვეყნა. „ქართული ოცნების“ ლიდერები პირველივე დღეებიდან აცხადებდნენ, რომ „პივიტი“ გაყალბებული იყო, რასაც მარტივი არითმეტიკით ამტკიცებდნენ. თუმცა, „ისფედს“ აღიარებისთვის თვენახევარი დასჭირდა. 11 დეკემბერს, როდესაც „ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილ უტყუარ არგუმენტებს ვეღარსად გაექცა, ორგანიზაცია იძულებული გახდა, ცდომილება საზოგადოების წინაშე ეღიარებინა. ამასთან, „ისფედის“ მაშინდელმა ხელმძღვანელმა ისიც აღიარა, რომ ცდომილების შესახებ ინფორმაცია საელჩოს სულ მცირე ნოემბრის ბოლოს ჰქონდა, როდესაც მისი მოდერაციით ხელოვნური პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად პარტიებს შორის მოლაპარაკებები წარიმართებოდა. პარალელური ხმის დათვლის შედეგებთან ერთად, „ისფედმა“ გააყალბა კიდევ ერთი მონაცემი 8-პროცენტიანი უარყოფითი დისბალანსის შესახებ, რაც არჩევნების არალეგიტიმურად ცნობისთვის მოგონილი მორიგი ფეიკი იყო. აღსანიშნავია, რომ „პივიტისგან“ განსხვავებით, ამ მონაცემის სიყალბე „ისფედს“ დღემდე არ უღიარებია, მაშინ, როდესაც უარყოფითი დისბალანსის მაჩვენებელი, სინამდვილეში, 1 პროცენტსაც კი არ შეადგენდა“, - აღნიშნულია განცხადებაში.
საზოგადოებრივი მოძრაობის სრულ განცხადებას გაეცანით ამ ბმულზე.