„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის გიგა ბოკერიას განცხადებით, ყველას ვალია, აგვისტოს ომში გაღებულ მსხვერპლს აზრი არ დაეკარგოს.
როგორც მან ჟურნალისტებს მუხათგვერდის სასაფლაოზე განუცხადა, არავის უნდა ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ საქართველოს თავისუფლება საკუთარ ინტერესებს შესწიროს.
პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა დღეს 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ მებრძოლებს პატივი მიაგეს და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
„დღეს არის დღე, ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის ბოლო ფურცელი, როდესაც სახელმწიფოებრიობის, დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის ადამიანები თავს სწირავდნენ. ბოლო ფურცელი იყო სწორედ დღეს, 7 აგვისტოს ჩვენი მთავარი გარე მტრის აგრესიის. ამ ადამიანებმა თავი შესწირეს იმას, რომ შეგვენარჩუნებინა სახელმწიფოებრიობა, სუვერენიტეტი და თავისუფლება. ბრძოლა, რასაც ამ ხალხმა თავი შესწირა, არ დამთავრებულა, გრძელდება. ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება, იმავე ბრძოლის გაგრძელებაა. ჩვენი ვალია, ამ მსხვერპლს აზრი არ დაეკარგოს და არავის მივცეთ შესაძლებლობა ქვეყნის გარეთ და შიგნით, რომ ჩვენი თავისუფლება საკუთარ ინტერესებს შესწიროს“, - განაცხადა ბოკერიამ.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური რეჟიმის „მავნებლური ნაბიჯია“ ის, რომ რუსეთის მიერ საქართველოში ომის დაწყების თარიღად 8 აგვისტოს მიიჩნევს. გიგა ბოკერიას შეფასებით, ეს რუსულ პროპაგანდასთან არის თანხვედრაში.
„7 აგვისტოს ყველა ცერემონიალური ასპექტის მოხსნა ამ მიმართულებით დამატებითი ნაბიჯია. სამწუხაროდ, ახლა ეს ყველაფერი კიდევ უფრო მტკივნეულად და აშკარად ჩანს. წლებია გვყავს ხელისუფლება, რომელიც მრავალ საკითხში ჩვენი მტრის პროპაგანდას უწყობს ხელს იმიტომ, რომ ამაში ივანიშვილი საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებას ხედავს“,-განაცხადა ბოკერიამ.