ვიდრე ივანიშვილის პოლიტიკურ გავლენას არ ამოვძირკვავთ ამ ქვეყნიდან და ივანიშვილის „ქართული ოცნება“ არ იქნება გასტუმრებული, ამ ქვეყანაში არ შეიცვლება ძირითადი მიმართულება, მათ შორის ანტიდასავლური ისტერიკა - ივანიშვილი დამთავრდება ძალიან მალე და ბევრად მალე, ვიდრე ეს ვინმეს წარმოუდგენია, - ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, თავად არ იზიარებს იმ მოსაზრებას, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრად დაბრუნება, ქვეყანაში ოლიგარქიზაციის პროცესს დაასრულებს.
„რიგი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილი თუ დაბრუნდება პრემიერ-მინისტრად, ის აღარ იქნება ოლიგარქი, რაც აბსოლუტურად კომიკური მტკიცება არის, ეს იმდენად არასერიოზულია, რომ ელდა მეცა. უნდა გვესმოდეს, რომ ვიდრე ივანიშვილის პოლიტიკურ გავლენას არ ამოვძირკვავთ ამ ქვეყნიდან, ვიდრე ივანიშვილის „ქართული ოცნება“ არ იქნება გასტუმრებული, ამ ქვეყანაში არ შეიცვლება ძირითადი მიმართულება, მათ შორის ანტიდასავლური ისტერიკა, რომელიც მოაწყო ბიძინა ივანიშვილმა და არავინ სხვამ. თავისი ფული, კეთილდღეობა, თავისი პინგვინები, ნახატები მეტად ადარდებს, ვიდრე ქართველი ხალხის კეთილდღეობა. ივანიშვილი დამთავრდება ძალიან მალე და ბევრად მალე, ვიდრე ეს ვინმეს წარმოუდგენია“, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.