ყველანაირ შეხვედრაზე ვიარეთ „ქართულ ოცნებასთან“, ყველა მექანიზმი ამოვწურეთ და ვის თუ არ ჩვენ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დრო ამოიწურა, როცა დახურულ კარს მიღმა „ქართულ ოცნებასთან“ საუბრით რაიმე იოტისოდენა მოლოდინი მაინც გვქონდა, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილ სამუშაო ჯგუფებზე საუბრისას განაცხადა.
გიორგი ვაშაძის განცხადებით, სანამ „ქართული ოცნების“ წევრები „ისვენებენ, ირუჯებიან ზღვაზე, ტაშ-ფანდურს არიან მიცემული და აგვისტოში განცხრომით დასვენება უნდათ“, ოპოზიცია აპირებს, რომ ალტერნატიულ სამუშაო ჯგუფებში იმუშაოს და ყველა კანონპროექტები დაწეროს.
„ჩვენ არანაირ პარალელური პროცესს არ ვქმნით, ეს არის სამუშაო პროცესი. ვიღაცამ კანონები ხომ უნდა დაწეროს? ყველა ადამიანს უყვარს ბევრი ლაპარაკი, ყველა აფასებს ვიღაცას, ყველა ამბობს, რომ თვითონ მაგარია, მაგრამ საქმის გასაკეთებლად რომ მიდგება საქმე, მერე აღმოჩნდება, რომ საქმე გაკეთებული არ არის.
საპარლამენტო ოპოზიციის 95%-ია ჩართული იმ სამუშაო პროცესში, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ვხვდებით სამოქალაქო სექტორს, აკადემიურ წრეებს, სადაც ვმსჯელობთ, როგორ უნდა შევასრულოთ ეს 12 პუნქტი. არავის ჯიბეში არ უდევს ფორმულები. საზოგადოება არ უნდა მოვატყუოთ, დღეს არ დევს ეს საკანონმდებლო პაკეტი და მართლა მინდა, რომ სანამ „ქართული ოცნების“ წევრები ისვენებენ და ირუჯებიან ზღვაზე, ტაშ-ფანდურს არიან მიცემული და აგვისტოში განცხრომით დასვენება უნდათ, რიგგარეშე სესიებისთვის არ სცალიათ, ჩვენ ვაპირებთ, რომ ვიმუშაოთ, ყველა კანონპროექტი უნდა დაიწეროს.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ მიმართ როგორ შეიძლება ვინმეს ჰქონდეს პრეტენზია, როცა 8 მარტის შეთანხმება იყო და ერთ-ერთი მთავარი აქტორი ვიყავით, 19 აპრილის შეთანხმება იყო და მთავარი მონაწილე ვიყავით. ფორმალური, არაფორმალური, გასვლითი, გამოსვლითი, ყავისსმით, უყავოდ, წყლით, უწყლოდ, ყველანაირ შეხვედრაზე ვიარეთ „ქართულ ოცნებასთან“, ყველა მექანიზმი ამოვწურეთ და ვის თუ არ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ აბსოლუტური სიმართლე გულწრფელად, რომ ამოიწურა დრო იმის, როცა დახურულ კარს მიღმა „ქართულ ოცნებასთან“ საუბრით რაიმე იოტისოდენა მოლოდინი მაინც გვქონდა, რომ რამეს გააკეთებდა“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.