აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები რუსი „მშვიდობისმყოფელების“ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შეიჭრნენ და მას „ცალმხრივს“ უწოდებს. „აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს 2022 წლის 26 მარტის ცალმხრივ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც არ ასახავს რეალობას“, - წერია განცხადებაში.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, რუსეთის განცხადება მიმდინარე წლის 22 თებერვალს დადებულ ორმხრივ შეთანხმებას და მოკავშირული ურთიერთქმედების დეკლარაციას ეწინააღმდეგება.
„თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს განცხადება ეწინააღმდეგება ორმხრივი ურთიერთობების არსს ორ ქვეყანას შორის 2022 წლის 22 თებერვალს ხელმოწერილ დეკლარაციას მოკავშირეთა ურთიერთობის შესახებ.
მოგიწოდებთ, სამმხრივი განცხადების დებულებების შესაბამისად, უზრუნველყოთ სომხეთის არმიის ნაწილებისა და უკანონო შეიარაღებული სომხური ფორმირებების გაყვანა, საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებული აზერბაიჯანის ტერიტორიებიდან, ჩვენი ქვეყნის სუვერენულ ტერიტორიაზე აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების გადაადგილება არ წარმოაჩინოთ არასწორად, არ გამოიყენოთ გამოთქმა „მთიანი ყარაბაღი“ და სწორად მიუთითოთ აზერბაიჯანის ტერიტორიების დასახელებები“, - წერია განცხადებაში.
26 მარტს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანის ჯარები რუსი მშვიდობისმყოფელების კონტროლირებულ ტერიტორიაზე მთიან ყარაბაღში შეიჭრნენ და ცეცხლი გახსნეს. რუსეთმა ასევე დაადასტურა, რომ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა მთიან ყარაბაღში, ფარუხის დასახლებაში განთავსებულ დანაყოფებს ოთხჯერ გაუხსნეს ცეცხლი ბაირაქტარების დრონებით.
შეგახსენებთ, რომ 25 მარტს, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ აზერბაიჯანი 24 მარტს მთიან ყარაბაღში იმ ტერიტორიაზე შეიჭრა, რომელიც რუსი მშვიდობისმყოფელების კონტროლის ქვეშაა და სოფელ ფარუხში თავდაცვის არმიის ბაზას დაესხა თავს.