პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის შეფასებით, უსაგნო ფაცი-ფუცს ჰგავს ინიციატივა იმის თაობაზე, რომ ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის ერთობა შედგეს და მათ ბრიუსელში ერთობლივი ვიზიტი განახორციელონ.
როგორც პაპუაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში" განმარტა, საზოგადოებას არ უნდა გაუჩნდეს ყალბი იმედები, თითქოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ერთ-ორი დღის ან ერთი-ორი თვის საკითხია.
მისი თქმით, ეს ხანგრძლივი პროცესია, რის მიმართაც ხელისუფლებას მტკიცე მიდგომა აქვს.
„საზოგადოებას და მათ შორის ჩვენს ოპონენტებსაც ერთ რამეს შევახსენებ - ევროკავშირში წევრობაზე განაცხადის გაკეთება „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის ნაწილია. ჩვენ 2024 წელს ვგეგმავდით ამ განაცხადის გაკეთებას და ყველას კარგად გვახსოვს, როგორი ირონიით ეკიდებოდა ამ საკითხს ჩვენი ოპოზიცია. დღეს თითქოს ისინი არიან დროშით წინ ამ პროცესში, რა თქმა უნდა, ასე არ არის და ეს არის სწორედ უსაგნო ფაცი-ფუცი ოპოზიციის რიგი წარმომადგენლების მხრიდან. ჩვენ ამ საკითხს სერიოზულად ვუდგებით, როგორ სერიოზულადაც ვეკიდებოდით საარჩევნო პროგრამაში, ასევე სერიოზულად ვუდგებით ახლა. ახლა ჩვენ კონტექსტმა მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ 2 წლით ადრე შეგვეტანა ევროკავშირში წევრობაზე განაცხადი, თუმცა, ეს არანაირად არ ამცირებს იმ საქმეს, რომელიც ჩვენი მხრივ უნდა შევასრულოთ. ამ კონტექსტმა შეიძლება მოგვცეს შესაძლებლობა, რომ ევროკავშირი უფრო კონცენტრირებული იყოს ამ საკითხზე და არა მხოლოდ თეორიული პერსპექტივა გქონდეს საქართველოს, ისევე როგორც უკრაინასა და მოლდოვას, არამედ პრაქტიკული შანსიც გაჩნდეს იმისთვის, რომ წევრობის კანდიდატობის სტატუსი მივიღოთ, თუმცა, ეს მაინც რამდენიმე თვიანი პროცესია, რაც კანდიდატობას შეეხება. გაწევრიანება კიდევ უფრო ხანგრძლივი პროცესია. ამიტომ, ჩვენ ჩვენს საზოგადოებას ყალბი იმედები არ უნდა შევუქმნათ, თითქოს ეს ერთ-ორი დღის ან ერთი-ორი თვის საკითხია“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი განმარტებით, საქართველო ევროკავშირის წევრობისთვის ყველა თვალსაზრისით უნდა იყოს მზად, როგორც ინსტიტუტების, ასევე კანონმდებლობის მხრივ.
„ევროკავშირი არის ქვეყნების გაერთიანება, რომელიც წესებს ეფუძნება. ამ წესებს კანონმდებლობაში ასახვა სჭირდება. ჩვენ თუ არ ვიყავით ევროკავშირთან შესაბამისობაში მყოფი ჩვენი კანონმდებლობით და ინსტიტუტებით შესაბამისობაში მყოფი ქვეყანა, ასე წევრობას აზრიც არ აქვს“,-განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას ირონიით ეკიდებოდა.
„ჩვენი თითოეული ოპონენტი ირონიით ეკიდებოდა „ქართული ოცნების“ მხრიდან 2020 წლის შემოდგომაზე საარჩევნო პროგრამაში ჩადებულ გეგმას, რომ გაგვეკეთებინა განაცხადი ევროკავშირში წევრობაზე. ახლა ისე ამბობენ, თითქოს ისინი არიან ამის პიონერები. სინამდვილეში თითქოს უსაგნო „პიარი“ წყვეტდეს აქ ყველაფერს, ეს დამოკიდებულება იმდენად აკნინებს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს, პირადად კითხვა მიჩნდება, რამდენად სერიოზულად ეკიდებიან ამ საკითხს?!“ - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი შეფასებით, ოპოზიციის ნაწილს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი მხოლოდ „პიარამდე“ დაჰყავს.
„პირდაპირ აცხადებენ, რომ ახლა ერთადერთი რაც არის მთავარი, კარგად შევფუთოთ ჩვენი ქვეყანა და კარგად წარვუდგინოთ ევროკავშირს. აქვე ეტყობა, რომ ვერც კი აცნობიერებენ, რას ნიშნავს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. ჩვენ ამ საკითხს ვუდგებით სერიოზულად და მტკიცედ, როგორც სხვა საკითხებს. ეს მშვიდი და მტკიცე მიდგომა არის სწორედ ის, სადაც ახლა სახელმწიფო არის ჩართული“,-განაცხადა პაპუაშვილმა.