რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ რუსეთის ფედერაციის მე-6 გაერთიანებული შეიარაღების არმიის მეთაური გენერალ-ლეიტენანტი ვლადისლავ იერშოვი თანამდებობიდან გაათავისუფლა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინელი ჟურნალისტი რომან ციმბალიუკი ავრცელებს, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა მოსკოვში.
ციმბალიუკის თქმით, იერშოვს ადანაშაულებდნენ რუსული არმიის პერსონალის უზარმაზარ დანაკარგებში. წინასწარი მონაცემებით, მხოლოდ მე-6 არმიამ 2000 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა, მათგან 180-მდე წვევამდელია.
ჟურნალისტმა, ასევე, განაცხადა, რომ ერშოვი ამჟამად შინაპატიმრობაშია. მის წინააღმდეგ საქმე უკვე აღძრულია.
შეგახსენებთ, რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინაში 25-დღიანი ომის შედეგად, უკრაინაში 9861 რუსი სამხედრო დაიღუპა, 16 ათასზე მეტი კი დაიჭრა. სტატია მალევე წაიშალა.
რუსეთის ხელისუფლება ყოველთვის უარყოფდა უკრაინაში მნიშვნელოვან დანაკარგებს და აცხადებდა, რომ „დანაკარგი არ არის“.