უკრაინაში ყოფნის დროს, რუსული არმიის ჩეჩენმა სამხედროებმა დაკარგეს ასობით მებრძოლი და 13 მარტს დაბრუნდნენ გროზნოში. ამის შესახებ “რადიო თავისუფლებას” უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვაში განუცხადეს.
ცნობები უკრაინაში რუსეთის შეჭრაში ჩეჩენი სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობის შესახებ ომის პირველივე დღეებიდან გავრცელდა. 26 თებერვალს გამოჩნდა ვიდეო, რომელშიც ჩეჩნეთის სავარაუდო სამხედრო მოსამსახურეები გოსტომელში შენობაზე რუსეთის დროშას კიდებენ. ჩანაწერზე ერთ-ერთი მებრძოლი, რომელიც ჩეჩნეთის ლიდერს რამზან კადიროვს მიმართავს, აცხადებს, რომ მისმა რაზმმა მოიგერია უკრაინის არმიის სამი თავდასხმა და აიღო ობიექტი.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვიდეოს ავთენტურობა დაადასტურეს, მაგრამ განაცხადეს, რომ კადიროვიელები ცარიელი შენობის ტერიტორიაზე შევიდნენ და რომ ბრძოლა არ ყოფილა.
“26 თებერვალს, 450 კადიროველმა სცადა უკრაინის მიწაზე შესვლა გოსტომელის აეროპორტის მიმდებარედ, სადესანტო ოპერაციის დროს, თუმცა უშედეგოდ. ზოგიერთმა მაინც მოახერხა ერთ-ერთი თვითმფრინავიდან ჩამოხტომა, თუმცა ასაფრენ ბილიკზევე ესროლეს. კადიროვის მებრძოლების ჯამური დანაკარგები 26-დან 28 თებერვლის ჩათვლით იყო რამდენიმე ასეული მებრძოლი”, – ამბობს წყარო.
27 თებერვალს გავრცელდა მორიგი ვიდეო, რომელშიც წარწერა მიუთითებდა, რომ იგი გადაღებული იყო კიევის ჩრდილოეთით მდებარე ტერიტორიაზე. ამის პარალელურად სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, სავარაუდოდ ბუჩადან. ჩანაწერზე ადგილობრივი მცხოვრები აჩვენებს სამხედრო ტექნიკის განადგურებულ კოლონას და ამბობს: “ესენი არიან კადიროვიელები”.
რამზან კადიროვმა თავდაპირველად უარყო რაიმე დანაკარგი თავის მებრძოლებს შორის, ხოლო 28 თებერვალს, თავის Telegram არხზე, მან ჩეჩნეთიდან ორი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის შესახებ დაწერა, მაგრამ მათი სახელები არ გაამჟღავნა.
კონტრდაზვერვის თანახმად, 4 მარტს, ჩეჩნეთის რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის და რუსეთის გაერთიანებული რაზმი, დაახლოებით 1 200 ადამიანი, ბელარუსიდან ჩერნობილის ზონის გავლით უკრაინაში ჩავიდა.
კადიროველებმა თავიანთი ბანაკი ბოროდიანკას მახლობლად ტყეში მოაწყვეს. SBU-ს ცნობით, ღამით ბანაკში საბრძოლო მასალის ტვირთი ააფეთქეს, ზოგიერთი მებრძოლი დაიღუპა.
“ამის შემდეგ მათ დაიწყეს უფრო ფრთხილი მოქმედება და დაიყვნენ რამდენიმე ჯგუფად. მაგრამ ისინი უშუალოდ არ მონაწილეობდნენ ბრძოლებში. პარალელურად იღებდნენ სხვადასხვა ვიდეოებს სოციალური ქსელებისთვის”, – ამბობს თანამოსაუბრე SBU-ს კონტრდაზვერვაში.
საბოლოოდ, SBU-ს კონტრდაზვერვის თანახმად, 13 მარტს კადიროვიელები გაიყვანეს კიევის რეგიონის ტერიტორიიდან ბელარუსის გავლით, შემდეგ კი საჰაერო გზით – ჩეჩნეთში.