ჩვენ შევთანხმდით ძალისხმევის გაგრძელებაზე, რათა მოვძებნოთ ადგილზე არსებული ჰუმანიტარული საკითხების მოგვარების გზები. მზად ვარ, გავაგრძელო ჩართულობა ამ პროცესში უკრაინაში ომის დასრულების მიზნით, უკრაინის მოსახლეობის წამების შესაჩერებლად და ჩვენი ტერიტორიების რუსული საოკუპაციო ძალებისგან გასათავისუფლებლად, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ მის რულ კოლეგასთან სერგეი ლავროვთან მოლაპარაკების დასრულების შემდეგ განაცხადა.
კულებას ინფორმაციით, მან რამდენიმე საკითხი წამოწია, რომელთა შორის იყო მარიუპოლისთვის ჰუმანიტარული დერეფნის შექმნა და ასევე 24- საათიანი ცეცხლის შეწყვეტა ჰუმანიტარული პრობლემების მოსაგვარებლად, თუმცა როგორც კულებამ აღნიშნა, მისმა კოლეგამ ამ საკითხებთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების მიღება ვერ შეძლო.
„ახლა ყველაზე ტრაგიკული ვითარება ქალაქ მარიუპოლშია, ქალაქი იბომბება ციდან, მას საარტილერიო ცეცხლით ამუშავებენ და მე აქ ჰუმანიტარული მიზნით მოვედი, რათა შეხვედრიდან გამოვსულიყავი გადაწყვეტილებით ჰუმანიტარული დერეფნის მოწყობასთან დაკავშირებით მარიუპოლში და მარიუპოლიდან, რათა მარიუპოლის დატოვება შეძლონ მშვიდობიანმა მოქალაქეებმა, რომლებსაც სურთ გაექცნენ შიშსა და გაჭირვებას. ამასთანავე, მარიუპოლს მიეწოდოს ჰუმანიტარული ტვირთი. სამწუხაროდ, მინისტრი ლავროვი არ იყო იმ პოზიციაში, რომ დაედასტურებინა ეს, მაგრამ მას კომუნიკაცია ექნება შესაბამის მაღალჩინოსნებთან რუსეთში ამ საკითხთან დაკავშირებით.
ჩვენ, ასევე, წამოვწიეთ 24- საათიანი ცეცხლის შეწყვეტის საკითხი, რათა გადაგვეწყვიტა ყველაზე მწვავე ჰუმანიტარული პრობლემები. ჩვენ ამ მიმართულებით პროგრესი არ გვაქვს, რადგან, როგორც ჩანს, რუსეთში ამ საკითხს სხვა ადამიანები წყვეტენ.
ჩვენ შევთანხმდით ძალისხმევის გაგრძელებაზე, რათა მოვძებნოთ ადგილზე არსებული ჰუმანიტარული საკითხების მოგვარების გზები. მე მზად ვარ, რომ კვლავ გავმართო შეხვედრა ამ ფორმატში, თუ იქნება არსებითი დისკუსიისა და გადაწყვეტის მოძებნის პერსპექტივა. მე მწამს, რომ როდესაც ერთმანეთს საგარეო საქმეთა მინისტრები ხვდებიან, მათ აქვთ მანდატი მოილაპარაკონ უსაფრთხოებისა და მშვიდობის საკითხებზე, იმ მანდატით, რომელიც მოგვენიჭა ჩვენი ლიდერებისა და პარლამენტისგან. მზად ვარ გავაგრძელო ჩართულობა ამ პროცესში უკრაინაში ომის დასრულების მიზნით, უკრაინის მოსახლეობის წამების შესაჩერებლად და ჩვენი ტერიტორიების რუსული საოკუპაციო ძალებისგან გასათავისუფლებლად,“- განაცხადა კულებამ.