ექსპერტმა პოლიტიკურ საკითხებში, გია ხუხაშვილმა, „TV პირველის“ ეთერში ბადრი ჯაფარიძისთვის შეწყვეტილ საპარლამენტო უფლებამოსილებაზე ისაუბრა. მისი თქმით, ახლა დროა მთლიანმა ოპოზიციამ დაუჭიროს მხარი ჯაფარიძეს და ოპოზიცია გადავიდეს გრძელვადიან თამაშზე.„ქართულ ოცნებას“ ერთგვარი პოლიტიკური ბულემია სჭირს. ერთი ნამცეცი თუ დაუვარდა ვინმეს სადმე, ის უნდა გადაყლაპონ. ვერ გრძნობენ, როდის არის საკმარისი, რასაც მიირთმევენ და სულ ჭამენ და ჭამენ. ყველა წითელი ხაზი გადაკვეთეს, იმიტომ რომ, ძლიერი სუსტს, დამარცხებულს ცდილობს ღირსეულად მოექცეს და ამით მოახდინოს თავისი ძალის დემონსტრირება.
„ქართული ოცნება“ პირიქით იქცევა, რითაც აჩვენებს, რომ შინაგანად არიან ძალიან სუსტები. ჰგონიათ, რომ თუ რაღაცა დათმეს, ეს იქნება სისუსტის დემონსტრირება. პოლიტიკურად დაკომპლექსებული დაჯგუფებაა დღეს ხელისუფლებაში. დეგრადაცია გვაქვს ყველა მიმართულებით. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ოპოზიცია უქმნის ამის საფუძველს ამ ნამცეცებს უყრის ყველგან თავისი მერყეობით. კვლავ ბოიკოტს არ დავეთანხმები, პოლიტიკურმა პროცესმა შეიძლება იქით წაგვიყვანოს, რომ საპარლამენტო ტრიბუნა აუცილებელი იყოს. როცა ხარ ომში, შენ ყველა ინსტრუმენტი უნდა გამოიყენო.
არ უნდა ამბობდე, მე მარტო თოფით ვიბრძოლებ და უარს ვიტყვი ტანკზეო. დღეს ემოციურად ბოიკოტის რეჟიმში გადასვლა შეიძლება სწორი იყოს, მაგრამ სტრატეგიულად ესეც მორიგი შეცდომა იქნება. როცა ესეთ ხელისუფლებასთან გაქვს საქმე და შენც არ გამოიყურები კარგად, გრძელვადიან თამაშზე უნდა მოაწერო ხელი. რუსთავის არჩევნებიც ამ თამაშის ერთ-ერთი ელემენტია.ბადრი ჯაფარიძეს მთელმა ოპოზიციამ უნდა დაუჭიროს მხარი“ - განაცხადა ხუხაშვილმა.