„ვადამდელი არჩევნები ოპოზიციის დღის წესრიგში უნდა იყოს“, - ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
ნინო ბურჯანაძის თქმით, პარლამენტში შესვლა ოპოზიციური პარტიების დიდი შეცდომა იყო.
„ერთიანი საქართველოს“ ლიდერი პარლამენტს საქმიანობას უწუნებს და ამბობს, რომ ახლანდელი პარლამენტი კანტორაა.
„პარლამენტი კიდევ ერთხელ აჩვენებს თავის სახეს - დღეს, ხვალ და ვფიქრობ რომ ეს პროცესი გაგრძელდება და კიდევ და კიდევ იქნება იმის დადასტურება რომ ძალიან მძიმე იყო პარლამენტში შესვლა. ჩვენ ვიმკით შარლ მიშელის დოკუმენტის შედეგებს და კარგი იქნება თუ ამას ჩვენი დასავლელი პარტნიორები ნათლად დაინახავენ. რაც შეეხება უფლებამოსილების შეწყვეტას, არ გამიკვირდება მეტ-ნაკლებად აქტიურ დეპუტატებს შეუწყვიტონ უფლებამოსილება. ეს პარლამენტი არ არის - ეს არის კანტორა. სამწუხაროდ ამ პარლამენტის მხრიდან არცერთი რეალური ოპოზიციური გადაწყვეტილება მიღებული არ იქნება.
ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა აქტუალური უნდა იყოს. ოპოზიცია უფრო აქტიურად უნდა მუშაობდეს და ყველა მექანიზმი უნდა იყოს გათვალისწინებული. დემოკრატიულ სახელმწიფოებში, სწორედ რომ ვადამდელი არჩევნები ყოველთვის არის დაკავშირებული შემდეგ მოკლევადიანი პარლამენტის მუშაობასთან. ვადამდელი არჩევნები ოპოზიციის დღის წესრიგში უნდა იყოს. აქტიურად ვმუშაობ იმისთვის, რომ ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა დღის წესრიგიდან არ იქნეს ამოვარდნილი და გვერდზე გაწეული“, - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.