სად არის გიორგი გახარია და რატომ აღარ არის პარტია “საქართველოსთვის” ისეთივე აქტიური, როგორც წინასაარჩევნო პერიოდში იყო? – ამ საკითხებზე “აიპრესთან” ინტერვიუში გახარიას პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ბერდია სიჭინავამ ისაუბრა, რომლის სრულ ვერსიასაც მოგვიანებით შემოგთავაზებთ, იქამდე კი გთავაზობთ ინტერვიუს ამ ნაწილს:
_ ძალიან აქტიურები იყავით წინასაარჩევნო პერიოდში. ვიტყოდი, რომ ყველაზე აქტიურებიც კი და არ ვგულისხმობ მხოლოდ ბოლო ერთ თვეს, როდესაც პარტიები აქტიურდებიან ხოლმე. 4-5 თვე გქონდათ ძალიან აქტიური პოლიტიკური პერიოდი, თუმცა არჩევნების მერე თითქოს დაიღალეთ თუ პაუზა აიღეთ, მაგრამ ფაქტია, რომ ნაკლებად ჩანხართ საზოგადოების წინაშე. სად ხართ, რას აკეთებთ და რატომ აღარ ხართ ისეთივე აქტიურები?
_ მოგეხსენებათ, რომ ჩვენი პარტია რამდენიმე თვის დაფუძნებულია და ამ რამდენიმე თვის განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა ვაჩვენეთ მუნიციპალურ არჩევნებზე. წინასაარჩევნო პერიოდს სხვა სპეციფიკაც ახლავს მოსახლეობასთან შეხვედრის კუთხით და სხვა განზომილებებითაც, თუმცა დამერწმუნეთ, რომ არჩევნების შემდეგ არცერთი წუთით არ შეგვიწყვეტია მოქალაქეებთან კომუნიკაცია. ჩვენი წარმომადგენლები მუშაობენ ადგილობრივი მუნიციპალიტეტების დონეზე და ხვდებიან ადამიანებს.
_ შესაძლოა მუშაობთ, მაგრამ მე ვამბობ, რომ ფართო საზოგადოების წინაშე აღარ ჩანხართ, თუნდაც იგივე გახარია. სად არის გახარია და რატომ აღარ ჩანს?
_ გახარია ის პოლიტიკოსია, რომელიც არასოდეს გაურბოდა ღიაობას და საჯაროობას. ასე იყო მაშინაც, როდესაც იყო პრემიერი და მათ შორის შს მინისტრიც, რომელიც ყველაზე დახურულ უწყებას ხელმძღვანელობდა. ის, რომ საჯარო პოზიციონირებაში არ ჩანს გახარია, ეს არ ნიშნავს, რომ მოქალაქეებთან კომუნიკაცია არ აქვს. ჩვენ გადასულები ვართ რეგიონული პოლიტიკის გაძლიერების მიმართულებით. არ ვფიქრობ, რომ პრობლემაა ელექტორალური ან პარტიული თვალსაზრისით.
_ სტრატეგიული გათვლაა, რომ ახლა ამ ფორმით არის საჭირო მუშაობა?
_ პარტია თავად ირჩევს სტრატეგიას და ტაქტიკას, თუმცა პირდაპირ გეტყვით, რომ მიუხედავად იმისა, რომ აქტუალურად ვინმე არ ჩანდეს სატელევიზიო სივრცეში ან Facebook-სივრცეში, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ პარტიას პრობლემა აქვს გაძლიერების მიმართულებით, იქნება ეს მოქალაქეებთან კომუნიკაცია თუ სხვა საკითხები. პარტიაში არის დუღილი და პოლიტიკური პოზიციონირების ნაწილსაც ჩვენი პარტიის ლიდერის მხრიდან უახლოეს პერიოდში აუცილებლად მოისმენთ.