„რუსეთი თუ ჩვენს მიმართ აგრესორი და ოკუპანტია, რა პრობლემაა, რომ უკრაინის მიმართაც ეს თქვა? აი, ეს გაორება არ მესმის“, - ამის შესახებ კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე საუბრისას „მთავარის“ ეთერში განაცხადა.
კონფლიქტოლოგის თქმით, რუსეთს ორი ამოცანა აქვს და ამ შემთხვევაში კრემლის მიზანია საქართველო- უკრაინა ნატოს წევრი არ გახდეს.
„სამარცხვინოა, სხვა შეფასება არ აქვს. ფაქტი ისაა, რომ ჩვენ ვამბობთ რუსეთი არის ოკუპანტი სახელმწიფო, საქართველოს წინააღმდეგ აგრესია განახორციელა. საქართველოს მიმართ თითქოს არ ვერიდებით რუსეთის აგრესიის აღიარებას, მათ შორის „ქართული ოცნება“ არა ხშირად, მაგრამ ჭრიალით მაინც ამბობს.
თუ ჩვენს მიმართ აგრესორი და ოკუპანტია, რა პრობლემაა, რომ უკრაინის მიმართაც ეს თქვა? აი, ეს გაორება არ მესმის. თუ საქართველოზე ამბობ, უკრაინაზე რატომ ვერ ამბობ? „ევროპულმა საქართველომ“ ჩაატარა მიტინგი, რუსეთის ყოფილი საელჩოს შენობასთან და მაშინვე რუსეთის საგარეო უწყებამ განცხადება გაავრცელა. რუსეთმა იცის, რომ საქართველო მოყუჩებული ჰყავს.
რუსეთს ორი ამოცანა აქვს. ამ შემთხვევაში რუსეთს არ უნდა საქართველო და უკრაინა ნატოში გაწევრიანდეს. ნატო არ არის მთავარი, მთავარია, რომ დემოკრატია არ შემოვიდეს ჩვენს ქვეყნებში და სწორედ ეს უნდა რუსეთს. იმიტომ, რომ ნატოთი შემოდის დემოკრატია. ნატო გვთხოვს, რომ ჩვენ მეტად დემოკრატიულები ვიყოთ.
მათი გააზრებით რუსეთს საქართველოს და უკრაინის დემოკრატია ანგრევს. ამიტომ მათ დემოკრატიის ეშინიათ და ნატო არის ინსტრუმენტი, რომელშიც არის ეს ყველაფერი. რუსეთის მთავარი ამოცანაა, რომ საქართველო და უკრაინა ნატოში არავითარ შემთხვევაში არ უნდა შევიდეს“, - აღნიშნა ზაქარეიშვილმა.
ამასთან, ზაქარეიშვილის შეფასებით, რეზოლუციამ უკვე დაადასტურა, რომ საქართველო განეიტრალებულია და ახლა უკრაინა არის გასანეიტრალებელი.
„რუსეთმა რატომღაც ჩათვალა, რომ დღეს დასავლეთი არის სუსტი. „მერკელი წავიდა, ბაიდენი სუსტია, ბებერია“ - ლაპარაკობენ ისეთ რამეს, რასაც არ უნდა ლაპარაკობდნენ.
რეზოლუცია არის სამარცხვინო და ამით დაუდასტურეს რუსეთს, „ნუ გეშინია ჩვენ შენი ვართ“. ამ რეზოლუციამ დაადასტურა, რომ საქართველო უკვე განეიტრალებულია და ახლა უკრაინაა გასანეიტრალებელი. ჩვენ ისეთივე მსხვერპლი ვართ, როგორც უკრაინა. თუ უკრაინა ჩაიძირა, ჩვენც ვიძირებით, თუ უკრაინა ფეხზე დგება, ჩვენც ფეხზე ვდგებით. უკრაინას ჩვენი მხარდაჭერა არაფერში სჭირდება, უკრაინას მთელი მსოფლიო უჭერს მხარს. ჩვენ გვჭირდება ჩვენი მხარდაჭერა“, - დასძინა უკრაინამ.