„თეა წულუკიანი პირველი მინისტრია, რომელმაც გააკეთა ის, რაც 21 წლის მანძილზე არ გაკეთებულა“, - ამის შესახებ თეატრის და კინოს რეჟისორმა, ავთო ვარსიმაშვილმა კულტურის მინისტრზე, თეა წულუკიანზე საუბრისას „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, ყველა ხელისუფლებასთან ნორმალური ურთიერთობა ჰქონდა, მათ აკრიტიკებდა, მაგრამ ის რისი მიღწევაც 20 წლის განმავლობაში შეუძლებელი გახდა, წულუკიანმა 2 კვირაში შეძლო.
„ძალიან დიდი ხანია თეატრებს ვხელმძღვანელობ და მსგავსი რამ, რაც ამ 1 წლის მანძილზე კულტურის სამინისტროს მხრიდან გაკეთდა, არ მახსოვს. არასოდეს არ ყოფილა ამდენი კონკურსი, არასოდეს გამოცხადებულა ამდენი გრანტი.
ქალბატონი თეა წულუკიანი სისტემურ ცვლილებას ახდენს კულტურის დარგში და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რასაც აკეთებს ქალბატონი თეა, ზუსტად არის ნგრევა და რაღაც ახლის შექმნა. თქვენ საუბრობდით წინა მინისტრებზე, წინამორბედ მინისტრებს არ ჰქონდათ იმხელა უფლება, რაც ახლა აქვს ქალბატონ თეას. პოლიტიკურ წონას ვგულისხმობ.
პარადოქსულ რამეს გეტყვით. ცოტა ფული კი არ გვაქვს, მაგრამ არასწორად ნაწილდება. ეს ფული რომ ნაწილდებოდეს რეზულტატების მიხედვით, საითკენაც ახლა ქალბატონი თეა წულუკიანი მიისწრაფვის, აი, მაშინ სურათი სხვანაირად დადგებოდა.
ჩვენს დარბაზში არის 180 ადგილი. ჩვენ წინა წლების მონაცემები რომ ავიღოთ, ჩვენ გაყიდული ბილეთებით და დასწრებით გავასწარით ძალიან მაღალი რანგის და ძალიან დიდი დაფინანსების მქონე თეატრებს. კითხვა ხომ ჩნდება ლოგიკურად - ჩვენ ხომ იგივეს ვაკეთებთ, ერთი თეთრი მაინც ხომ გვეკუთვნის?! ქალბატონი თეა აღმოჩნდა პირველი მინისტრი, რომელიც ამით დაინტერესდა და გაგვიკეთა ის, რაც არ გაკეთებულა 21 წლის მანძილზე.
ყველა ხელისუფლებასთან ნორმალური ურთიერთობა მქონდა, თუმცა ყველა ხელისუფლებას ჩემს ფილმებში და სპექტაკლებში ვაკრიტიკებდი, მაგრამ 20 წლის განმავლობაში ვერ მივაღწიე იმას, რაც ქალბატონმა თეამ ორ კვირაში გააკეთა. აღფრთოვანებული ვარ, მას აქვს უნარი უცებ ჩასწვდეს არსს, გაიგოს რა ხდება და ეგრევე გააკეთოს. თუ თვლის, რომ არ უნდა გაკეთდეს, შემდეგ არც აკეთებს“, - აცხადებს ვარსიმაშვილი.