“ოცნება” ქვეყნის საზიანოდ სპეკულირებს და მას აყოლილია “ნაცმოძრაობაც”, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგა ბოკერიამ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ივანიშვილის რეჟიმთან – შავრაზმელობაში შეჯიბრი დამღუპველია და ეს აჩვენა ნამახვანჰესის მაგალითმაც.
“არის თემები, რაზეც ხელისუფლება წლებია ახდენს ქვეყნის საზიანოდ სპეკულირებას და რასაც ხშირად აყოლილია ოპოზიციაც, პირველ რიგში კი “ნაცმოძრაობა”. დამღუპველია ივანიშვილის რეჟიმთან შეჯებრებითობა პოპულიზმსა და შავრაზმელობაში. ამის მაგალითია ნამახვანი, მივიღეთ ქვეყნისთვის დამანგრეველი შედეგი. რის შედეგად მოხდა ეს? აყოლა ამ შავრაზმულ იდეებზე – გვღუპავენ უცხოელები, თურქები შემოდიან. ამაზე დგას ხელისუფლება, მაგრამ ამას აყოლილია “ნაცმოძრაობა” პირველ რიგში, რომელსაც უნდა, რომ აჯობოს ამ თემაში. ჩვენ – ევროპულ საქართველოს გვინდა, რომ ჩვენი გზავნილი მივიტანოთ საზოგადოებამდე, რომ ეს თემები დამღუპველია,” – განაცხადა გიგა ბოკერიამ.