რადიკალური ოპოზიციის მხრიდან გრძელდება პოლიტიკურ პროცესებში ისეთი სერიოზული სახელმწიფო ინსტიტუტის ჩათრევა, როგორიც სასამართლო ხელისუფლებაა, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ზურაბ ქადაგიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, სინამდვილეში გრძელდება პროცესი, რომელსაც ჰქვია მცდელობა, რომ სასამართლო სისტემა პოლიტიზებული გახდეს და სხვადასხვა პოლიტიკურმა ჯგუფმა ეს სათავისოდ გამოიყენოს.
„ბანალური თემა მოიფიქრეს ახლა, რომ რამენაირად მოსამართლეების ამბოხი გაამართლონ. ეს არის პარლამენტის მიერ მიღებული შეზღუდვა მოსამართლეების მიმართ, რაც 2021 წელს მიიღო საკანონმდებლო ორგანომ, როდესაც მოსამართლეს ეზღუდებოდა პოლიტიკური განცხადებისა და პოლიტიკური შინაარსის შემცველი წინადადების საჯაროდ გამოხატვა, რაც თავისდაუნებურად მოსამართლის თვითშეზღუდვას გულისხმობს და თვითონ უნდა იყოს მოსამართლე დეპოლიტიზებული. ეს მოიყვანეს ახლა მიზეზად და ეს 14 მოსამართლე, რომლებზეც მე არაერთხელ მისაუბრია, ცდილობს ეს გადაწყვეტილება გამოაცხადოს, თითქოს მოსამართლეთა კორპუსის მიმართ ხორციელდება ძალადობა კანონის სახელით. სინამდვილეში გრძელდება პროცესი, რომელსაც ჰქვია მცდელობა, რომ სასამართლო სისტემა პოლიტიზებული გახდეს და სხვადასხვა პოლიტიკურმა ჯგუფმა ეს სათავისოდ გამოიყენოს. ამ პროცესს სამწუხაროდ, კვლავ ქეთევან მესხიშვილი ხელმძღვანელობს, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ არ დაამტკიცა პარლამენტმა უვადოდ. ადრეც ვამბობდი, რომ სასამართლოს პოლიტიზების პროცესში ერთ-ერთი კომპონენტი იქნებოდა არასამთავრობოების მხარე, რომელსაც წარმოადგენდა გიორგი მშვენიერაძე, რომელიც ახლა პირდაპირ მხარეა და ის არის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი. ჩვენ გვახსოვს მისი არაერთი განცხადება, როდესაც ის პირდაპირ მოუწოდებდა, რომ ასეთი მოსამართლეები საჯაროდ უნდა დასჯილიყვნენ. ის არაერთ მკაცრ განცხადებას აკეთებდა. ამიტომ ვხედავ მე პოლიტიზების მცდელობას. ახლა უფრო მიმყარებს საფუძველს, რომ ე.წ. მედასავლეთე, ზემდგომი მოსამართლეების რაღაც რაოდენობა ცდილობს, რომ საკუთარი გავლენების შექმნას სასამართლო სისტემაში. რადიკალური ოპოზიცია კი ცდილობს, რომ ეს გავლენები გამოიყენოს სათავისოდ და დემორალიზება მოახდინოს მთლიანად სისტემის“, - განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.