ევროკავშირი აცხადებს, რომ რუსეთმა პატივი უნდა სცეს ყაზახეთის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას.
ევროკომისიამ ასევე მოუწოდა ყველა მხარეს თავშეკავებისკენ.
„ძალადობა უნდა შეწყდეს. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ყველა მხარეს თავშეკავებისა და სიტუაციის მშვიდობიანი მოგვარებისკენ. ევროკავშირი მზად არის და სურს მხარი დაუჭიროს ქვეყანაში დიალოგს“, - განაცხადეს ევროკომისიაში.
მასობრივი არეულობის ფონზე, ყაზახეთის ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო, ყაზახეთში კოლექტიური სამშვიდობო ძალები გააგზავნოს.
დღეს რუსეთმა ყაზახეთში სამხედრო ძალების გადასროლა დაიწყო. კოლექტიური სამშვიდობო ძალების კონტინგენტში რუსეთის, ბელარუსის, სომხეთის, ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის დანაყოფები შედიან.