„ჩემი მოსაზრებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიზეზი გახდა სხვადასხვა უწყებების მხრიდან ზეწოლა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი არ დაარღვევდა სამედიცინო სტანდარტებს და პაციენტს არ მოექცეოდა ისე, როგორც მოექცა“, - ამის შესახებ ცენტრ „ემპათიას“ დირექტორმა მარიამ ჯიშკარიანმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმის ნინო გოგორიშვილის შესახებ განაცხადა.ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილმა გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან გაწერის შესახებ არ იცოდა, რაც დარღვევაა.
„პაციენტს აქვს უფლება იცოდეს, ის გაწერილია თუ არა და რა მანიპულაციები უტარდება. იგი არ იყო ინფორმირებული ისე მოხდა მისი გაწერა და ეს ძალიან დიდი დარღვევაა როგორც საერთაშორისო სტანდარტების, ისე ქართული კანონმდებლობის “, - აღნიშნა მარიამ ჯიშკარიანმა.
მისი თქმით, სააკაშვილის რუსთავის ციხეში გადაყვანის მცდელობის დროს მომხდარი ფაქტი არასათანადო მოპყრობა იყო და ცენტრი მის დოკუმენტირებას გააკეთებს.
„მოვედით იმიტომ, რომ შევაფასოთ პაციენტის მდგომარეობა და მოვახდინოთ დოკუმენტირება იმ არასათანადო მოპყრობის, რასაც სავარაუდოდ, გუშინ ჰქონდა ადგილი.
ის, რაც განხორციელდა, არის არასათანადო მოპყრობის კიდევ ერთი ფაქტი, როგორც პაციენტის ისე პატიმრის უფლებების დარღვევის თვალსაზრისით“, - აღნიშნა მარიამ ჯიშკარიანმა.