ბელარუსის ლიდერი ალექსანდრე ლუკაშენკო წლის კორუფციონერად დაასახელეს. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
ლუკაშენკომ 1166 კანდიდატურიდან აირჩიეს. მსგავს სტატუსს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებს ყოველწლიურად კორუფციის და ორგანიზებული დანაშაულის საერთაშორისო კვლევითი ცენტრი ანიჭებს.
„ევროპის ერთ-ერთ ბოლო დიქტატორს ეს სტატუსი ორგანიზებული დანაშაულის და კორუფციის ხელშეწყობისთვის მიენიჭა. კორუფციის მხრივ ეს გამორჩეული წელი იყო. ლუკაშენკოს ბევრი კონკურენტი ჰყავდა, მაგრამ მან ყველას აჯობა“, - განაცხადა კორუფციის და ორგანიზებული დანაშაულის საერთაშორისო კვლევითი ცენტრის დამფუძნებელმა დრიუ სალივანმა.
ლუკაშენკო წლის კორუფციონერად ჟიურის 6-ვე წარმომადგენელმა ერთხმად დაუჭირა მხარი. ჟიურიში ჟურნალისტები და საერთაშორისო ექსპერტები შედიან.
ცენტრმა ალექსანდრე ლუკაშენკოს შემდეგი „მიღწევები“ დაასახელა. ლუკაშენკომ დიდი ოდენობით სახელმწიფო სახსრები მის ოჯახთან დაკავშირებულ ოლიგარქებს მისცა, გასცა ბრძანება, რომ Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ვილნიუსში მიფრინავდა და რომელშიც ბელარუსი ოპოზიციონერი იმყოფებოდა, მინსკში დაესვათ, რაც საერთაშორისო ავიამიმოსვლის წესების დარღვევაა. ასევე, მან ხელოვნურად შექმნა მიგრაციული კრიზისი, როდესაც ათასობით მიგრანტი პოლონეთის საზღვართან მიიყვანა და კორონავირუსის მკურნალობაზე დეზინფორმაციას ავრცელებდა.
„წლის კორუფციონერის“ კონკურსში ლუკაშენკომ ავღანეთის ყოფილ პრეზიდენტს აშრაფ განის, სირიის დიქტატორს ბაშარ ასადს, თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს და ავსტრიის ყოფილ კანცლერს სებასტიან კურცს აჯობა.
მსოფლიოს მოქმედ და ყოფილ ლიდერებს წლის კორუფციონერის სტატუსი 2012 წლიდან ენიჭება. 2012 წელს ის ილჰამ ალიევს, 2014 წელს ვლადიმერ პუტინს, 2016 წელს კი ნიკოლას მადუროს მიენიჭა. გასულ წელს ეს „პრემია“ ბრაზილიის პრეზიდენტს ჟაირ ბოლსანარუს მიენიჭა.