გორის ჰოსპიტლის დირექტორი მალხაზ ურთქმელიძე ჟურნალისტებთან საუბარში განმარტავს, რომ ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობა შეფასდა როგორც სტაბილური, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებოდა.სწორედ ამიტომ, ჰოსპიტალის ადმინსიტრაციამ მისი გაწერის გადაწყვეტილება მიიღო. გორის ჰოსპიტალის მთავარი ექიმის განმარტებით, სააკაშვილის პირად ექიმს მოტყუების და მისი ნების წინააღმდეგ მოაწერინეს ხელი დოკუმენტზე, რასაც თავად ნინო გოგორიშვილი წერილით ადასტურებს:
„დღეს, 28 დეკემბერს, პაციენტ სააკაშვილთან მყოფი ვიზიტორი ნიკა გვარამია გამესაუბრა და თავისი ხელით დაწერილ ტექსტში დასმულ კითხვებზე მომაწერინა ხელი, რითაც მან შემიყვანა შეცდომაში. რიგი კითხვების დასმის შემდეგ, ჩემ მიერ გაცემული იყო მოკლე პასუხები, ხელმოწერის შემდეგ მან ტექსტი განავრცო ჩემთვის უცნობი გარემოებებით, რაც შევიტყვე პირდაპირ ეთერში გაკეთებული განცხადებით. აღნიშნული ფაქტი იყო ჩემთვის შოკისმომგვრელი, რამაც მომაყენა ფსიქოლოგიური ტრავმა. მიმაჩნია, რომ ყოველივე ზემო აღნიშნული, სრულ თანხვედრაშია გვარამიას გუშინდელ განცხადებასთან, სადაც მან მიწოდა მკვლელი. ეს ყველაფერი მიზნად ისახავს სამხედრო ჰოსპიტლის და ჩემი, როგორც ექიმის, დისკრედიტაციას“ – აღნიშნულია ნინო გოგორიშვილის განცხადებაში.