„საქართველოში იანვრის მეორე ნახევრიდან „ომიკრონის“ შტამი დომინანტური გახდება“, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „იმედის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, „ომიკრონი“ მსუბუქად მიმდინარეობს, რაც დიდი რაოდენობით პაციენტების შემთხვევაში, ჰოსპიტალური სექტორის კოლაფსს არ გამოიწვევს.
„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 1,5-3 დღეში, ყველა ქვეყანაში, „ომიკრონის“ რაოდენობა ორმაგდება. ეს იმას ნიშნავს, რომ იანვრის მეორე ნახევრიდან ეს შტამი დომინანტური იქნება. ამიტომ აქ არაფერი უცხო და მოულოდნელი არ უნდა იყოს. შესაბამისად, მზაობა უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს და უსაფრთხოება განგაშზე უნდა იყოს გამოცხადებული, რადგან ჩვენ გვყავს მილიონზე მეტი მოქალაქე, რომელიც არის მოწყვლადი ამ შტამის მიმართ და არა მარტო.
ერთი დამაიმედებელი ინფორმაცია ისაა, რომ 50-დან 70%-მდე ნაკლებია მძიმე დაავადება ანუ ჰოსპიტალიზაციის რისკი. შესაბამისად, ეს გვაძლევს ვარაუდის შესაძლებლობას, რომ დიდი რაოდენობით პაციენტების შემთხვევაში, ჰოსპიტალური სექტორის კოლაფსთან არ გვექნება საქმე. თუ შემდგომ პერიოდში, ვირუსმა რაიმე სიურპრიზი არ მოაწყო, ეს იქნება ინფექცია, რომელიც მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ექნება და, თამამად შეიძლება ითქვას, რომ 2022 წლის ბოლომდე, ვინც ამ შტამისგან გადარჩება, ყველას ექნება იმუნიტეტი პლანეტაზე“, - აცხადებს ალერგოლოგ-იმუნოლოგი.