სააკაშვილი პოლიტპატიმარია, მაგრამ უდანაშაულო არაა, სამართლიანმა სასამართლომ უნდა გაასამართლოს და გვერდით კამერაში ივანიშვილი იჯდეს, – ეს განცხადება “ლეიბორისტული პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გუგავამ “აიპრესთან” ინტერვიუში გააკეთა, რომლის სრულ ვერსიასაც მკითხველს მოგვიანებით შევთავაზებთ.
“ჩადენილ დანაშაულზე ყველამ უნდა აგოს პასუხი. სააკაშვილი პოლიტპატიმარი რომ არის, ეს იმას არ ნიშნავს, რომ უდანაშაულოა. ის დაჭერილი ჰყავთ პოლიტიკური ნიშნით, მაგრამ ეს უდანაშაულობას არ ნიშნავს. სამართლიანი იქნებოდა, როცა სამართლიანი სასამართლო გაასამართლებდა და გვერდით კამერაში ბიძინა ივანიშვილი ეყოლებოდა ან ერთ კამერაში იქნებოდნენ, თავის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად. როდესაც შერჩევითია სამართალი, მაშინ არის პოლიტიკური და პოლიტიკური ნიშნით დააპატიმრეს.
ამას ვამბობ მე, განა იმას კი არა, რომ უდანაშაულოა და არაფერი არ გაკეთებულა იმ წლებში. ეს ჩემ კისერზე ვნახე, განსხვავებით დღევანდელი ხელისუფლებისგან, რომლის წარმომადგენლებიც ბუჩქებში იყვნენ შემალულები ან ემსახურებოდნენ იმ რეჟიმს. ამ ყველაფერმა ჩვენ კისერზე გადაიარა და ჩვენ ვიყავით მაშინ რეპრესირებული, ჩვენ ვებრძოდით იმ რეჟიმს,” – თქვა გიორგი გუგავამ.