კორონავირუსის წინააღმდეგ „სპუტნიკით“ რევაქცინაციის რაოდენობაზე შეზღუდვა არ არსებობს. ამის შესახებ რუსული მედია გამალეას ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის კვლევითი ცენტრის დირექტორის ალექსანდრე გინცბურგის განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება.
„სპუტნიკით“ რევაქცინაცია ყოველ ექვს თვეში შეიძლება, უსასრულო რაოდენობით“, - აღნიშნა მეცნიერმა ფილმში რომელიც „Россия 1“-ზე გავიდა.
ახალი შტამების გავრცელების პარალელურად, ვაქცინის განახლებაზე საუბრისას, გინცბურგმა აღნიშნა, რომ დღეს „სპუტნიკ V“-ს შეცვლა საჭირო არ არის.
მისი თქმით, ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ „სპუტნიკ V“-ს გამაძლიერებელი დოზა „ომიკრონის“ შტამისგან სრულ დაცვას უზრუნველყოფს.
მეცნიერის განმარტებით, ვაქცინაცია და რევაქცინაცია კორონავირუსისგან დაცვის ყველაზე საიმედო გზად რჩება.