ახალი სახლის შერჩევისას ხშირად ვაკვირდებით ისეთ დეტალებს, როგორებიცაა: ბინის სართული, ბუნებრივი განათების დონე, გეგმარება და ა.შ. მოკლედ რომ ვთქვათ, ვცდილობთ, გავითვალისწინოთ ყველა ის ფაქტორი, რაც მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს ჩვენი მომავალი ცხოვრების კომფორტზე. მაგრამ, ხშირად გვავიწყდება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა - ბინებს შორის გამავალი ხმაური, რომელიც სამწუხაროდ ბოლოს იჩენს ხოლმე თავს, როდესაც უკვე მისი გამოსწორება უმეტეს შემთხვევაში დაგვიანებულია.
როდესაც ადამიანი სახლში დაღლილი ბრუნდება, სურს დაისვენოს, განიტვირთოს, და ამ დროს რა ხდება? მეზობელ ბინაში ტელევიზორის ხმა ბოლომდეა აწეული, ზედა სართულზე ბავშვი ფეხბურთს თამაშობს, ლიფტის მოძრაობის ხმა ისე შემოდის ბინაში, რომ შეგრძნება გრჩება თითქოს საძინებელში უნდა გაიღოს ლიფტის კარი და ა.შ. ეს სია შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს და მსგავსი ყოველდღიურობისგან დაღლილ ადამიანთა სიაში, საკუთარ თავს თქვენც მარტივად ამოიცნობთ. სამწუხაროდ, მეზობელს ვუბრაზდებით ხოლმე, მაშინ როცა უბრალოდ ბინებს აქვთ ძალიან სუსტი ხმის იზოლაცია.
როდესაც ბინის შეძენის დროს ვუკავშირდებით სამშენებლო-დეველოპერულ კომპანიას, გაყიდვების მენეჯერი ცდილობს, წარმოაჩინოს პროექტის უპირატესობები, რომელიც უმეტეს შემთხვევაში ზედაპირულია, აქცენტები კეთდება ვიზუალურ მხარეზე და ხშირად ფიგურირებს ტერმინი „პრემიუმ კლასი“.
აქვე, ობიექტურადაც უნდა აღინიშნოს, რომ ბევრი დეტალი სამშენებლო მიმართულებით დაიხვეწა, რაც განაპირობა პირველ რიგში მომხმარებლის მოთხოვნამ, სამშენებლო-დეველოპერულ კომპანიებს შორის გაზრდილმა კონკურენციამ და რაც მთავარია, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში არსებულმა მოთხოვნებმა და ვალდებულებებმა, რომელიც გულისხმობს არაერთი ევრო ნორმის ინტეგრირებას ჩვენს რეალობაში. სწორედ, ამ პროცესის ერთ-ერთი პუნქტი ეხება ბინებს შორის ხმის იზოლაციას, რომელიც ნელ-ნელა ინერგება ქართულ ბაზარზეც.
ამ თემაზე სასაუბროდ, კომპანია Akustiko-ს დამფუძნებელს, ავთანდილ კრავეიშვილს ვთხოვეთ, რომ საკუთარი გამოცდილება გაეზიარებინა.
- ბატონო ავთანდილ, ბინებს შორის ხმაური დღეს ერთ-ერთი აქტუალური თემაა, რომელიც ბევრ ადამიანს აწუხებს. პირველ რიგში, გვაინტერესებს თქვენი გამოცდილება, ბევრი ადამიანი მოგმართავთ ამ პრობლემით? და სად უფრო ფიქსირდება ხმის იზოლაციის პრობლემები, ახალ მშენებლობაში თუ ძველ ბინებში?
- დიახ, დაგეთანხმებით. ხმაური, აკუსტიკა და ვიბრაცია ნამდვილად აქტუალური პრობლემებია თანამედროვე მშენებლობაში. ხშირია ბინებს შორის გამყოფი კედლის პრობლემა, როდესაც არამც თუ ხმამაღალი საუბარი გადის ერთი ბინიდან მეორეში, არამედ ტელეფონის ზარის ხმაც კი მარტივად გარჩევადია და არაერთი მსგავსი კურიოზული ისტორია მოგვისმენია. ასევე, ხშირია სართულშორის გამყოფი ჭერის თუ იატაკის იზოლაციის პრობლემა, რომელიც იწვევს ნაბიჯების, თუ სხვა სტრუქტურული ხმაურის მარტივად გადაცემას. შედეგად, სართულებს შორის ხმის იზოლაცია იკვეთება საკმაოდ დიდ პრობლემად, რის გამოც ბევრი ადამიანი გვიკავშირდება, უმეტესად ახალი აშენებული ბინების მობინადრეები. სამწუხაროა, როდესაც ყიდულობ ბინას, არემონტებ და ბოლოს აღმოაჩენ, რომ შენს სახლში ხმის იზოლაცია საერთოდ არ არის გათვალისწინებული - არა და მოლოდინი გქონდა, რომ პრემიუმ ხარისხის პროექტში შეიძინე ბინა.
- როგორ ხდება ბინებს შორის ხმაურის პრობლემის გადაჭრა?
- პრობლემის გადაჭრა ყოველთვის კომპლექსურია და დამოკიდებულია გეგმარებაზე, საბაზისო სამშენებლო კონსტრუქციებზე, გარე ხმაურის წყაროებსა, მათ ინტენსივობაზე და სხვა ტექნიკურ დეტალზე. უკვე აშენებულ სახლში, ხმის იზოლაციის პრობლემებთან ბრძოლა, მობინადრისთვის ტექნიკურ პრობლემასთან არის დაკავშირებული - ფართის დაკარგვა, უკვე დასრულებული რემონტი, მორგებული ავეჯი და ა.შ.
სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ სამშენებლო-დეველოპერულმა კომპანიამ თავიდანვე გაითვალისწინოს საბაზისო ხმის საიზოლაციო ტექნოლოგიები, რათა მობინადრე არ დადგეს ფუნდამენტური პრობლემების წინაშე. რა თქმა უნდა, აღსანიშნავია არქიტექტორების წვლილი ამ პროცესში, რადგან მათ შეუძლიათ სწორი გეგმარებისა და პროექტირების პირობებში თავიდან აირიდონ შენობის რიგი დეფექტები ისე, რომ დაიცვან როგორც დეველოპერის და მშენებლის, ისე მობინადრეების ინტერესები.
არ არის გასაკვირი, რომ დღეს ქართველი არქიტექორების უმეტესობას არ აქვს შესაბამისი პრაქტიკული გამოცდილება აკუსტიკური და ხმის საიზოლაციო ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით. სწორედ ამიტომ, ჩვენი გუნდი მზად არის მათ გაუწიოს საკონსულტაციო მომსახურეობა მსგავსი პრობლემების პრევენციის მიმართულებით.
- დეველოპერები თუ მოგმართავენ აკუსტიკური სისტემების თავიდანვე დანერგვაზე?
- ამ მიმართულებით აღინიშნება საკმაოდ დადებითი ტენდენცია, რაც რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. პირველი, რა თქმა უნდა, მომხმარებლის მოთხოვნაა, თუმცა აქ ჯერჯერობით ნეგატიური ბალანსია და მიწოდება ვერ პასუხობს მოთხოვნას. მომხმარებელი დეველოპერისგან ითხოვს საბაზისო კომფორტს, რაც სუსტი ხმის იზოლაციის და ხმაურიანი გარემოს პირობებში წარმოუდგენელია.
თუ გავითვალისწინებთ ბაზრის ტენდენციას, პოსტ-პანდემიურ ეკონომიკურ მდგომარეობას, სამშენებლო და უძრავი ქონების ბაზარზე არსებულ სხვადასხვა გამოწვევებს, წინდახედული დეველოპერი ახლა უნდა იწყებდეს როგორც ხმის იზოლაციის, ისე შენობების ენერგოეფექტური ტექნოლოგიების მართლაც რომ რეალურ დანერგვას. ბუნებრივია, იშვიათად, მაგრამ გვხვდებიან კომპანიები, რომლებსაც არ სჭირდებათ საკანონმდებლო რეგულაციები იმის გასააზრებლად, რომ ეს ხვალინდელი დღეა გუშინდელი პრობლემების მოგვარებისთვის. სწორედ ასეთი კომპანიები ყალიბდებიან ბრენდებად, რომლებიც მომხმარებლებისთვის და ზოგადად საზოგადეობისთვის ქმნიან მართლაც, ჯანსაღ და კომფორტულ გარემოს.
ხმის, აკუსტიკის, ვიბრაციის პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ დამატებითი ინფორმაციის, ან შესაბამისი კონსულტაციის მისაღებად დაუკავშირდით კომპანია Akustiko-ს ნომერზე: 598 744 233 ან Facebook გვერდზე.