სააკაშვილმა და “ნაცმოძრაობამ” თავად გაირიყეს თავი, საუბრობდნენ, რომ ჩვენ ლილიპუტები ვართ, ერთი ღმერთია და მას უნდა ვეთაყვანოთ, – ამის შესახებ “გირჩის” ლიდერმა იაგო ხვიჩიამ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, სანამ “ქართულ ოცნებასთან” დაიწყებს შერიგებას “ნაციონალური მოძრაობა”, იქამდე ოპოზიციას უნდა შეუერთდეს.
“საუბარი იყო, რა შეიძლება გააკეთოს შესარიგებლად “ნაციონალურმა მოძრაობამო” და მე დავიწყე იმით, რომ სანამ “ქართულ ოცნნებასთან” დაიწყებ შერიგებაზე საუბარს, ოპოზიციას უნდა შეურიგდე-მეთქი. მე და ქალბატონ ნონას [იგულისხმება “ნაცმოძრაობის” წევრი ნონა მამულაშვილი, რომელიც სტუდიაში ხვიჩიას გვერდით იჯდა] კი არ გვაქვს ერთმანეთთან შესარიგებელი, ან კონკრეტულ პერსონასთან, არამედ “ნაცმოძრაობის” მედიასაშუალებები და მხარდამჭერები ხომ გვლანძღავდნენ და “ქოცებს” გვეძახდნენ?!
მიხეილ სააკაშვილმა და “ნაცმოძრაობამ” თვითონ გარიყა თავისი თავი ყველა თანასწორი ურთიერთობებისგან. საუბარი იმაზე იყო, რომ ჩვენ ყველან ლილიპუტები ვართ, ერთი ღმერთია და იმას უნდა ვეთაყვანოთ და იმას უნდა გვაუძღვეთ. აღმოვჩნდით ხალხი, რომელთაც არ გვინდა ასეთი გაძღოლა. თანასწორი ურთიერთობები გვინდა ნებისმიერ ადამიანთან, რომელიც აზროვნებს.
შესაბამისად, იმედი გვაქვს, რომ მიხეილ სააკაშვილს განმარტოებით საკანში ყოფნა სხვა აზრზე დააყენებს და მიხვდება, რომ მისივე თანაგუნდელები მუშაობენ ძალიან ცუდად. არჩევნების მიხედვით ამომრჩევლის ნახევარი უჭერს მხარს და ქუჩაში ხალხი არ გამოდის. ესე იგი არასწორად ეძახი და ხომ უნდა შეცვალო?! მარტო მე მინდა მოსვლა და დანარჩენები ლილიპუტები არიან, ეს ტაქტიკა არ მუშაობს. ამას უნდა შეეჩვიოს სააკაშვილი, ციხეში მყოფი თუ არ შეეჩვია, სხვა დროს როდის შეეჩვევა?!” – ამბობს იაგო ხვიჩია.