სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა გლდანის მე-18 დაწესებულებაში მოახდინა უსაფრთხოდ, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში მიხეილ სააკაშვილის გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
იუსტიციის მინისტრმა პენიტენციური სამსახურის თანაშრომლებს მადლობა გადაუხადა მათი ქმედებებისთვის, რომ პატიმრის უსაფრთხოება მაქსიმალურად იყო დაცული. „როგორც ადრე ვთქვი და მრავალჯერ გამიმეორებია, ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს სტაბილური და სათანადო დონეზე დაცული. ჩვენ რა პირობაც დავდეთ, იმ პირობას ვასრულებთ და ძალიან ვართ დაინტერესებული, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა იყოს სათანადოდ დაცული. აქვე მოვუწოდებ ჩვენს ოპონენტებს, რომ დაასრულონ ეს სიძულვილის ენა და საზოგადოებას მოუწოდონ სიმშვიდისკენ, ნაცვლად იმ რევოლუციური მოწოდებებისა, რომელსაც ახორციელებენ. ბუნებრივია, ისინი ქმნიან გარკვეულ რისკებს, როგორც მიხეილ სააკაშვილის, ისე სხვა პატიმრების უსაფრთხოებისთვის. ჩვენ ამის უფლებას ვერავის მივცემთ“, - აღნიშნა ბრეგაძემ.
დღეს 8 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მანამდე ექსპრეზიდენტის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა, რომ კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.