„ეს არის ომი და ამ ომის მოგება შეიძლება მხოლოდ ვაქცინაციით. შეფერხება განპირობებულია ვაქცინაციის საწინააღმდეგო ძლიერი მოძრაობით, ე.წ. ანტივაქსერული მოძრაობით. მინდა, მივმართო თითოეულ მათგანს, ძალიან დიდ ტვირთს იღებენ საკუთარ მხრებზე, თითოეული მათგანის მიერ დაბრკოლებული პიროვნება, რომელიც ინფიცირდება და მისი სიცოცხლე შეიძლება, სიკვდილით დამთავრდეს, ამ ანტივაქსერულ მოძრაობაში მყოფი ადამიანების მძიმე ტვირთია. ჩვენ ყველა ვაგებთ პასუხს ჩვენს ქმედებებზე”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განცხადა.
“მინდა, მივმართო ანტივაქსერებს, რომ დაფიქრდნენ, რადგან ძალიან დიდი ტვირთია, რასაც ისინი იღებენ. დაანებონ თავი აგიტაციას და ანტივაქსერულ მოძრაობას, გადმობრძანდნენ ჩვენს რიგებში და მოსახლეობას დაანახონ, რომ ვაქცინაცია არის კოვიდდაავადების დამამარცხებელი, სხვა გზა ჩვენ არ დაგვრჩენია“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ცნობისთვის, Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 48 090 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 4 762 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 953 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.90%.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 43 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 831 პირი ემსხვერპლა.