ქარმა და უხვმა ნალექმა დასავლეთ საქართველოს ნაწილს პრობლემები შეუქმნა. ძლიერი წვიმების შედეგად სამეგრელოში რამდენიმე მუნიციპალიტეტის ქუჩები დაიტბორა. სხვადასხვა სოფლებში ნათესები, ყანები და მოსავალი განადგურდა.
ძლიერი წვიმა დაახლოებით 40 წუთს გაგრძელდა, იყო ქარიც, რამაც წალენჯიხაში სოფელ ლიაში საცხოვრებელ სახლებს სახურავები ახადა.
მოვარდნილმა ღვარცოფმა წაიღო თხილის მოსავალი, გაანადგურა სიმინდის კულტურაც, დახოცილია შინაური ფრინველი.
ადგილები დაიტბორა ჭალადიდში ხობის ერთ-ერთ სოფელში. განმეორებითი სტიქიის შემთხვევაში ენგურმა და ხობისწყალმა შესაძლოა დამატებითი საშიშროება შექმნას.
ადგილობრივი მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ხელისუფლებაში განმარტავენ, რომ შეიქმნება კომისია რომელიც ზარალის აღწერას მოახდენს, რის შემდეგაც ცენტრალურ ხელისუფლებაში იმსჯელებენ ზარალის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.
რაც შეეხება გურიას, ასევე, უამინდობამ და უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა. ძლიერი წვიმის შედეგად სახნავ-სათესი მიწები და რამდენიმე სოფელი სრულად დაიტბორა, განადგურდა თხილის მოსავალიც.
ადგილობრივების თქმით, უამინდობით გამოწვეულ პრობლემებთან სოფლის მოსახლეობას ყოველ წელს უწევთ გამკლავება, სანიაღვრე სისტემა მოსაწესრიგებელია და შედეგად მოვარდნილი ღვარცოფი საკარმიდამო ნაკვეთებს ანადგურებს.
დაზარალდა ქობულეთიც, სადაც 2-დღიანმა გადაუღებელმა წვიმამ და ქარმა რამდენიმე საცხოვრებელ სახლს სახურავი ახადა. დატბორილია ქალაქის ქუჩებიც. ძლიერი ქარის შედეგად წაიქცა მრავალწლოვანი ხეებიც.