უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენკსის ოფისი განცხადებას ავრცელებს ქვეყნის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფორმის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟთან დაკავშირებით. ზელენსკის ოფისში აცხადებენ, რომ უეფა გადაწყვეტილებებს პოლიტიკური ზეწოლის შედეგად არ უნდა იღებდეს. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება.
პრეზიდენტის ოფისში ამბობენ, რომ წარწერა ფორმაზე „დიდება უკრაინას!“ არის სწორი და მან არანაირი უარყოფითი რეაქცია არ უნდა გამოიწვიოს.
„უკრიანელი ფეხბურთელები ევროპის მოედნებზე ცდილობენ თავისი ქვეყანა ასახელონ. ლოზუნგები „დიდება უკრაინას, გმირებს დიდება!“, ეს სიტყვები ყველა უკრაინელის სულშია ჩაბეჭდილი. ისინი გვაერთიანებს, გვეხმარება უკრაინის დაცვასა და მის განვითარებაში“ - აცხადებენ ზელენკსის ოფისში.
„რაც შეეხება მაისურზე უკრაინის დროშის გამოსახვას, ეს იმას ნიშნავს, რომ მთელი უკრაინა ჩემპიონატის დროს უკრაინის ეროვნულ ნაკრებს უგულშემატკივრებს. დონბასი უკრაინაა, ყირიმი უკრაინაა. უკრაინა ერთიანი და ურღვევია და ეს ევროპაში არავისში კითხვებს არ იწვევს“ - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტის ოფისი.
ცნობისთვის, უეფამ რუსეთის ფეხბურთის ფედერაციის საჩივრის განხილვის შემდეგ, ევროპის ჩემპიონატზე უკრაინის ფორმაში დღეს გარკვეული ცვლილებები მოითხოვა.