„ევროპაში დამოუკიდებლობის ხარისხის მიხედვით განსაკუთრებული ადგილი უკავია ადგილობრივ სასამართლოს და ხომ არ გგონიათ, რომ ჩვენგან მიწოდებული ინფორმაციით გააკეთეს ეს დასკვნები? მის დამოუკიდებლობაზე ჩვენ არ ვლაპარაკობთ, არის საერთაშორისო რეიტინგები“- განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ.
მან ისაუბრა სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაზე, ასევე კონგრესმენების ჩამოსვლაზე.
გია ვოლსკის თქმით, საქართველოში მათი ჩამოსვლა და მათი კითხვები ბუნებრივია, რადგან აშშ-ს და ჩვენს ქვეყანას აქვთ საერთო ინტერესები.
„გეგონება ამ ქვეყანაში მარტო პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები არსებობენ. არსებობს საზოგადოება, რომელთაც კარგი ინფორმაცია აქვთ, არანაკლები გინდაც სენატორებზე, პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობოებზე.არსებობს სასამართლო, რომელსაც აქვს უმაღლესი რეიტინგი და ვერ მოინელეს ის რომ მას მერე, რაც წავიდა თავმჯდომარე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ამ პოსტიდან, იმის მერე სასამართლომ გაასამართლა ისინი, ვინც დანაშაულები ჩაიდინეს. შემდეგ ატყდა საუბარი კლანთან დაკავშირებით.
შედეგებით ვიმსჯელოთ, რას წარმოადგენს სასამართლო და რა რესურსი გააჩნდა ვთქვათ ხელისუფლებაში მოსულ „ქართულ ოცნებას“, რომელმაც გადაწყვიტა, რომ არ მიებაძა ენმ-სთვის და ცელით არ ევლო სახელმწიფო სტრუქტურებში და მით უმეტეს სასამართლოში.
გია ვოლსკი აცხადებს, რომ ქართული სასამართლო დამოუკიდებელია პოლიტიკური ზეგავლენისაგან.
მისი თქმით, პროფესიონალური საექსპერტო სტრუქტურები არსებობს, რომელმაც გამოაქვეყნა რეიტინგები სასამართლოს დამოუკიდებლობის თაობაზე. ის აღნიშნავს, რომ ქართული სასამართლო დამოუკიდებლობის ხარისხით ერთ-ერთ მოწინავე ადგილს იკავებს.
„ვიმსჯელეთ ყველამ ერთად და არა მარტო იმიტომ, რომ სენატორთა ჯგუფი ჩამოდის. აშშ-ს პოზიცია გამომდინარეობს ერთი მთავარი თემიდან, ეს არის მათი სტრატეგიული ინტერესებიდან შავი ზღვის და კავკასიის რეგიონში, ეს ზუსტად ემთხვევა იმ ინტერესებს, რაც ჩვენ გვაქვს. მოკავშირეებიც აქედან გამომდინარე ვართ და არა იქიდან, რომ მოდაშია პროდასავლურობაზე საუბარი.
საქართველოს აშშ-სთან აქვს ურთიერთობა, როდესაც ამ ორი ქვეყნის ინტერესები ემთხვევა ერთმანეთისას, სტაბილურობაც აქედან გამომდინარეობს“ - განაცხადა გია ვოლსკიმ.