ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში მსოფლიოში კორონავირუსის უფრო მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, ვიდრე პანდემიის პირველი ექვსი თვის განმავლობაში.
„ბოლო ორი კვირის განმავლობაში გლობალურ დონეზე კორონავირუსის უფრო მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, ვიდრე პანდემიის პირველი ექვსი თვის განმავლობაში. ინდოეთსა და ბრაზილიაზე გასული კვირის შემთხვევების ნახევარზე მეტი მოდის. მაგრამ მთელ მსოფლიოში უამრავი ქვეყანაა, სადაც ძალიან მყიფე მდგომარეობაა“, - აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 808 563 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 12 870 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტატისტიკის მიხედვით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 151 803 822 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 3 186 538 ადამიანი გარდაიცვალა.