თბილისის საქალაქო სასამართლომ „საქართველოს ბანკის“ ფილიალში, მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე ბრალდებულ ნიკოლოზ წურწუმიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
დაცვის მხარე ბრალდებულისთვის 30 000 ლარიან გირაოს ითხოვდა, მოსამართლემ კი პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
„მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „ი“ ქვეპუნქტებით (მძევლად ხელში ჩაგდება იმ მიზნით, რომ მძევლის გათავისუფლების პირობით აიძულოს ორგანიზაცია და პირი, შეასრულოს ესა თუ ის მოქმედება, ჩადენილი ორი და მეტი პირის მიმართ, სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ცხრიდან თოთხმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აცხადებენ პროკურატურაში.