რიონის ხეობის ერთ-ერთი და ყველაზე პოპულარული “მცველი” ვარლამ გოლეთიანი ოჯახზე და “რიონის ხეობის მცველობამდე” ცხოვრების დეტალებზე ყვება. ამბობს, რომ ქუთაისში გალობის ისტორიას ასწავლის და სიმღერითაც იყო დაკავებული. მოკლედ საუბრობს ოჯახზე და აღნიშნავს, რომ ტრადიციული ოჯახი ჰყავს.
“მამა ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიაშია, 28 სოფლის მღვდელია. აქ ცოტანი არიან მოძღვრები, თითო სასულიერო პირზე ბევრი სოფელი მოდის.
ტრადიციული ოჯახი გვაქვს, და და ძმა მყავს. მეც სასულიერო აკადემიაში ვსწავლობდი და თეოლოგიური განათლება მივიღე. გალობის ისტორიას ვასწავლი ქუთაისის ტრადიციული მუსიკის სასწავლებელში. ფოლკლორულ ანსამბლ „სახიობას“ წევრი ვარ და სიმღერითაც ვიყავი დაკავებული.
ლეჩხუმს საფრთხე რომ შეექმნა, რადგან ფაქტობრივად 80% წყლით იფარება ჰესის აშენების შემთხვევაში, მეც ჩავერთე ბრძოლაში…
დედაჩემი აღმოსავლეთმცოდნეა. რაღაც პერიოდი უნივერსიტეტში მუშაობდა. ახლა, ისიც ჩართულია პროცესებში, ერთად ვართ მთელი ოჯახი.
შიგნით რთულადაა საქმე, დაძაბულები და ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ ვართ. ერთი სული მაქვს, როდის მორჩება ეს ყველაფერი, რომ ყოველდღიურ ცხოვრებას დავუბრუნდეთ, თორემ ეს ყველაფერი გრძელვადიანად რთული გასაძლებია.” – ამბობს ჟურნალ “სარკესთან” ვარლამ გოლეთიანი.