მაგალითის მიცემა მნიშვნელოვანია, მაგრამ ეტაპობრიობა უნდა დავიცვათ, – ასე განმარტავს “რუსთავი 2”-ის ეთერში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია იმას, თუ რატომ არ აიცრა პრემიერ-მინისტრი თუნდაც სხვებისთვის მაგალითის მიცემის მიზნით.
კითხვაზე, – საქართველოში, სადაც ასეთი დაბალია აცრის მსურველთა რიცხვი, ხომ შეიძლებოდა პრემიერ-მინისტრს მიეცა მაგალითი? ამან გამოიწვია მოსახლეობაში ნეგატიური განწყობა. ეს ჩანს ახლაც, როდესაც წერენ მოქალაქეები, რომ რატომ აიცრებოდა და როგორც ჩანს ის არ ენდობა ვაქცინას. – ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ასე პასუხობს:
“ვაქცინაციის ფარგლებში რაც არ უნდა გაკეთდეს, უნდობლობას მოქალაქეთა ნაწილი მაინც გამოხატავს და ამით მათი ამგვარი დამოკიდებულება ნაკლებად შეიცვლება. რა თქმა უნდა მაგალითის ძალა მნიშვნელოვანია, ასევე მნიშვნელოვანია პასუხისმგებლობა ყველა იმ მოქალაქის მიმართ, რომელიც დღეს მოგვმართავს, ქრონიკული დაავადების მქონეა, თუმცა ჯერჯერობით მათზე უფრო მაღალი რისკის მქონე პირებისთვის არის ვაქცინა. ამიტომ, გარკვეული რიგოთობა და ეტაპობრიობა უნდა დავიცვათ. სხვანაირად ძალიან აირევა ეს პროცესი და ვერასდროს მივაღწევთ ვაქცინაციით სამართლიან მოცვას ქვეყანაში თუ არ დავიცავით რაღაც პრინციპები, რაც მთლიანად რისკებზეა აწყობილი”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.