„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი ზაალ უდუმაშვილი საქართველოში რუსი ჟურნალისტის ვლადიმირ პოზნერის ვიზიტს გამოეხმაურა.
უდუმაშვილის თქმით, ხელისუფლება თავმოყვარე, რომ იყოს პოზნერის ვიზიტს საქართველოში არ დაუშვებდა.
„ნამდვილად არ გამკვირვებია ის რაც დღეს მოხდა. ჩვენ ხომ ყველამ ვიცით, რომ ჩვენი ხელისუფლება არის პრორუსი ხელისუფლება. ჩვენ რომ თავმოყვარე ხელისუფლება გვყავდეს იმ თვითმფრინავს ჰაერშივე გააბრუნებდა უკან და მოსკოვიდან აფრენის ნებას არ მისცემდა, რადგან იმ ბორტზე იმყოფებოდა ადამიანი, რომელიც არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.ოკუპაციის კანონის ამაზე მეტი დარღვევა რა უნდა იყოს? ამბობენ ოკუპაციის შესახებ კანონი არ დაურღვევიაო და ადამიანმა პირდაპირ თქვა, რომ აფხაზეთი არასოდეს იქნება საქართველოს შემადგენლობაში. მეტი რა კანონი უნდა დაარღვიოს და რა მტკიცებულება სჭირდება ხელისუფლებას?“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
ინფორმაციისთვის, პოზნერი საქართველოს დღეს ეწვია. ის მეგობრებთან ერთად სასტუმრო „ვინოტელში“ იმყოფებდა. სასტუმროს წინ სამოქალაქო აქტივისტები არიან შეკრებილი, ისინი საქართველოში პოზნერის ვიზიტს აპროტესტებენ.
შრომის ინსპექციამ სასტუმრო „ვინოტელი“ რუსი შოუმენის მასპინძლობის გამო 10 000 ლარით დააჯარიმა.