კორონავირუსის უფრო ინფექციური შტამი VOC 202012/01, რომელიც თავდაპირველად აღმოაჩინეს დიდ ბრიტანეთში, ერთ კვირაში კიდევ შვიდ ქვეყანაში იქნა გამოვლენილი და მათმა საერთო რაოდენობამ 125-ს მიაღწია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, სამხრეთ აფრიკაში ნაპოვნი 501Y.V2 შტამის გეოგრაფია კი შვიდი დღის განმავლობაში გაფართოვდა 75 ქვეყნამდე, ხოლო P.1 შტამი, რომლის არსებობა თავდაპირველად დაფიქსირდა ბრაზილიასა და იაპონიაში, ახლა 41 ქვეყანაში ვრცელდება.
ორგანიზაციის ყოველკვირეულ ეპიდემიოლოგიურ ბიულეტენში აღნიშნულია, რომ გასული კვირის განმავლობაში VOC 202012/01 შტამი გამოვლინდა კიდევ შვიდ ქვეყანაში და სულ 125-მა ქვეყანამ აცნობა ჯანმოს ამ ტიპის კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების შესახებ. ექსპერტებმა განაცხადეს, რომ ამ შტამით ინფიცირებისას სიკვდილიანობის მაღალი რისკია.
რაც შეეხება კორონავირუსის 501Y.V2 შტამს, 15 მარტიდან იგი დამატებით 11 ქვეყანაში იქნა აღმოჩენილი და მათი საერთო რიცხვი ახლა 75-ს შეადგენს. ბრაზილიური P.1 შტამი კი 41 ქვეყანაში იქნა გამოვლენილი და ეს რიცხვი კვირაში სამით გაიზარდა. მისი დაინფიცირების შესაძლებლობა 2,5-ჯერ აღემატება ორიგინალ ვირუსს, ამაზე ბრაზილიაში ჩატარებული კვლევები მოწმობს.
იანვარში ჯანმომ განაცხადა, რომ მოსალოდნელია ახალი შტამების გაჩენა, რადგან ვირუსები მუდმივად იცვლება. ჯანმოს საგანგებო სიტუაციების კომიტეტმა 14 იანვარს გამართულ შეხვედრაზე მოუწოდა ქვეყნებს, გაეფართოვებინათ სამეცნიერო კვლევები კორონავირუსული დაავადების პათოგენების გენური თანმიმდევრობის შესახებ.
ჯანმოს მონაცემებით, კორონავირუსის VOC 202012/01 ვარიანტი დიდ ბრიტანეთში გასული წლის სექტემბერში გაჩნდა. სამხრეთ აფრიკაში შტამი 501Y.V2 გვხვდება აგვისტოს დასაწყისიდან, ხოლო ბრაზილიასა და იაპონიაში P.1 შტამი ვრცელდება დეკემბრიდან.