დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების დაბალი აქტიურობა კოვიდვაქცინაციასთან მიმართება გასაკვირია.
როგორც გამყრელიძემ „ფორმულას“ ეთერში საუბრისას აღნიშნა, პანდემიის დამარცხება მხოლოდ და მხოლოდ ვაქცინაციის გზით არის შესაძლებელი.
გამყრელიძე იმედოვნებს, რომ მოსახლეობა გაითავისებს იმ სიკეთეს, თუ რა სარგებელი მოაქვს ვაქცინას.
„ახალი ვაქცინის დანერგვის პროცესი, როცა იწყება სკეპტიციზმი უფრო მეტია ყოველგვარი სიახლის მიმართ, თუმცა მაინც გასაკვირია ჩემი კოლეგების ასეთი დაბალი აქტიურობა. იმიტომ რომ ჩვენ, მედიცინის მუშაკები, ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლები უნდა ვიყოთ რა თქმა უნდა უფრო მეტი მაგალითის მიმცემი უნდა ვიყოთ.იმედი მაქვს, მოსახლეობა, ჯანდაცვის სფეროს მუშაკები გაითავისებენ თუ რა სიკეთე მოაქვს ვაქცინაციას. პანდემიის დამარცხების გზა მხოლოდ და მხოლოდ მოსახლეობის ვაქცინაციაზე გადის. სხვა ჯერჯერობით ამ დიდ გამოწვევას წერტილს ვერ დაუსვამს, აქედან გამომდინარე ყველა უნდა ვეცადოთ, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი იყოს აცრილი.
რა თქმა უნდა სირთულეები ძალიან ბევრი შეგვხვდება, ეს მარტივი არ იქნება. კაცობრიობას ასეთი რამე ჯერ არ გაუკეთებია, რომ 1 წლის განმავლობაში ან წელიწად ნახევრის განმავლობაში 70% მოსახლეობის აცრილიყო.
ყვავილის დროს ვაქცინაცია 12 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. ისრაელში ორჯერადად არის 50% აცრილი, ხოლო ერთჯერადად თითქმის მთელი მოსახლეობა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.