რუსეთის, ვენესუელას და ჩრდილოეთ კორეის გარდა, ყველა რომ გეუბნებათ პარლამენტში შედით და იქ იბრძოლეთო, და ამას პასუხობთ „ევროპა არა ტოროლაო", რაღაზე უნდა ვილაპარაკოთ?!, - ასე მიმართავს ოპოზიციას Facebook-ზე ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე და კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართულ მოლაპარაკებებს აფასებს.
„ვუსმინე ახლა ოპოზიციური პარტიების ბრიფინგებს. ჯერ ე.წ. „სტრატეგია აღმაშენებელმა“ დაიწყო, ხელისუფლებას ყურებს ავახევთო. შემდეგ „ევსაქებმა“ გააგრძელეს, მერე სხვებმა... ხელისუფლებას არაფერი შემოუთავაზებია, ევროპა გადააგდესო. ამათ ჰგონიათ მიშელის, დანიელსონის ან სხვა ევროპელი პოლიტიკოსების ლაპარაკიდან აზრი ვერ გამოგვაქვს. ევროპა ვინ გადააგდო, ხომ გითხრათ მოლაპარაკებებზე მიშელმა და დანიელსონმა, ბოიკოტი რუსეთის ინტერესებშიაო?! ვისაც არ სურს, არ გაიგებს.
კიდევ კარგი ალეკო ელისაშვილი და ვახტანგ მეგრელიშვილი საუბრობენ, ვინ რა დადო მოლაპარაკებების მაგიდასთან. ამათ მადლობა ეკუთვნით, გულწრფელობისთვის („გირჩთან“ მიმართებაში რასაც ვფიქრობ, იცით, მაგრამ ესაა ჩვენი პოლიტიკური გოგლი-მოგლი).
„ოცნებას“ შემოთავაზება არ გაუკეთებია და მოლაპარაკება ჩაშალესო, დანარჩენი ოპოზიცია რომ ამტკიცებს, თურმე, გარდა მთელი რიგი რეფორმებისა, რომლებიც ეხება სასამართლო და საარჩევნო სისტემას, „ოცნებამ“ შესთავაზა, თუ შემოდგომით, ადგილობრივ არჩევნებზე 40%-ზე ნაკლებს ავიღებთ, 2022-ში რიგგარეშე არჩევნები ჩავატაროთო. ოპოზიცია ითხოვდა, გინდა თუ არა, პლებისციტიო. იგივე პლებისციტი არაა, თუ ვერ აიღებდნენ 40%-ზე მეტს, მიიღებდით არჩევნებს?! თუმცა, მოლაპარაკებების ჩაშლა წინასწარ რომ ჩადებული იყო, ყოველდღიური კიევური ჩართვებიდანაც ჩანდა. გინდათ „ევროპა არა ტოროლა“ გაიხსენეთ, გინდათ ღია მინიშნება იმასთან დაკავშირებით, რომ მისი ხელისუფლების დროს ფარული ჩანაწერები არასდროს გამოუქვეყნებიათ. ანუ, ჩაუწერიათ, ოღონდ არ გამოუქვეყნებიათ. ადრესატებმა კარგად გაიგეს, რომ ეს მინიშნებები მუქარა იყო.
ენმ-ის მხრიდან მოლაპარაკებებზე პროპორციული სიის 31-ე ნომრის ჩასმა, რომელიც კარგა ხანია ტელეკამერებთან არ გამოჩენილა, ბევრ რამეზე მეტყველებს. ბევრი კომენტარი წავიკითხე Facebook-ზე, მინაშვილი საიდან გააძვრესო?! აქ მხოლოდ ერთი რამ იკითხება, თუ გადახედავთ ენმ-ის სიის პირველ ოცდაათეულს. ალბათ, პარტიის არაფორმალურ ლიდერს ან დანარჩენების ნდობა აღარ აქვს, ან მინაშვილი ოპოზიციის ლიდერებზე ზეგავლენის მოსახდენად დანიშნა. შესაძლოა, ერთიცაა და მეორეც.
ერთი კვირაა დანიელსონი, მანამდე მიშელი, პლუს სხვა პარტნიორები ეუბნებოდნენ მხარეებს, რომ შემხვედრი ნაბიჯები უნდა გადადგმულიყო. რა დათმობაზე წავიდა ენმ და მათ მიერ მართული ოპოზიცია? არაფერზე. როგორც მინაშვილმა თქვა, მადლობა თქვით, რომ თქვენთან ერთად სალაპარაკოდ დავსხედითო. მეტიც, მინაშვილის განცხადებით ენმ, სხვა პარტიებისგან განსხვავებით, პლებისციტზეც არ იყო თანახმა. ასეთ ვითარებაში, როგორ წარმოგიდგენიათ მმართველი პარტიის მიერ პოლიტპატიმრების არსებობის და მსოფლიოს მიერ აღიარებული არჩევნების გაყალბებულად აღიარება? რუსეთის, ვენესუელას და ჩრდილოეთ კორეის გარდა, ყველა რომ გეუბნებათ პარლამენტში შედით და იქ იბრძოლეთო, და ამას პასუხობთ „ევროპა არა ტოროლაო", რაღაზე უნდა ვილაპარაკოთ?! ასე რომ დასრულდებოდა ეს მოლაპარაკებები, თავშივე ვიყავი დარწმუნებული. მარტივად იკითხებოდა. მეტიც, დაახლოებით მე-3 რაუნდის შემდეგ ვთქვი, რომ თავი დაენებებინათ რაუნდომანიისთვის. გასაკვირი უფრო ის იქნებოდა, შეთანხმებისთვის რომ მიეღწიათ.
მოკლედ, ახლა ისევ დაიწყება წვრილმანი აქციები, მივარდნები, ძიძგილაობა, დაძაბულობის ფონის აწევა... ასევე მოსალოდნელია პოლიტიკური ბრძოლის გაგრძელება მიუღებელი ფორმებით და მეთოდებით.
შატალოზე მყოფი ექვსი პარტიიდან დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება შეუძლია მხოლოდ ორს, ენმ-ს და „ევროსაქებს“. შესაბამისად, მოლოდინი, რომ რომელიმე პარტია ან ცალკეული წევრი მიიღებს გადაწყვეტილებას და შევა პარლამენტში, არ უნდა გვქონდეს.
გამონაკლისი, შესაძლოა, „გირჩი“ აღმოჩნდეს, ოღონდ არა ჯაფარიძე, მეორე ნაწილი. ისიც, იმ შემთხვევაში, თუ მიხვდებიან, რომ რაც ახლა ხდება, არაა პოლიტიკა, არამედ საბოტაჟია. თუმცა, მათგან სახელმწიფოს საბოტაჟს მიჩვეული ვიყავით, სანამ დაიშლებოდნენ. ყოველ შემთხვევაში, თუ საკუთარ პოლიტიკურ მომავალზე იფიქრებენ, შეიძლება გამოვიდნენ მძევლობიდან.
ალბათ, ვერც „ლელო“ გაბედავს, რითაც დაამტკიცებენ, რომ არც დასავლეთია მათთვის პრიორიტეტი, არც ქვეყნის ინტერესები, არც ზოგადად პოლიტიკა. ამიტომ დავწერე მათზე, როცა პარტიის შექმნა გადაწყვიტეს, რომ „პოლიტიკაში გაბრაზებული კი არა, გულანთებული უნდა წახვიდე“-მეთქი. ღმერთმა ქნას ვცდებოდე. ცუდია, რომ ახალგაზრდა პოლიტიკოსები უკვე გააფუჭეს. რასაც ახლა აკეთებენ, ეს ჰგონიათ პოლიტიკა და პოლიტიკოსობა. აქვთ კიდევ შანსი დაამტკიცონ, რომ შეუძლიათ დამოუკიდებელი თამაში.
ოპოზიციონერობა არ ნიშნავს აუცილებლად ყველაფრის წინააღმდეგ წასვლას, გაბუტული ტონით ცხვირში ჯუჯღუნს, მით უმეტეს საბოტაჟს. ოპოზიციამ უკეთესი დღის წესრიგი უნდა შემოგვთავაზოს. აღარ გვაინტერესებს ეს შავი ფონი, ნეგატივი, დანგრეული საქართველოს ცრუ სურათი და დაპირებები, მოვლენ და ააშენებენ. იმაზე გვესაუბრეთ, დღევანდელს რას და როგორ დააშენებთ ხელისუფლებაზე უკეთ. აი ესაა ოპოზიციონერობა და ქვეყნის კეთილდღეობაზე ზრუნვა. ათასჯერ მაქვს დაწერილი, მაგრამ სხვა ორბიტაზე ხართ და სხვა მიზნები გამოძრავებთ.
კარგი სასეირო თემა რომ იყოს, მოვიმარაგებდით ბატი-ბუტს. მაგრამ, მერწმუნეთ, განსაკუთრებით ამ პანდემიისა და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის პირობებში, ეს დაძაბულობები საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს სტაბილურობას, განსაკუთრებით ეკონომიკას, ინვესტიციებს. ოპოზიციას არ ესმის, რომ პარლამენტიდან გაცილებით მეტ დისკომფორტს შეუქმნიდნენ „ქართულ ოცნებას“. დასავლეთისთვისაც მეტად მისაღები გახდებოდნენ. როცა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი გეუბნებათ, რუსულ ინტერესს ატარებთო და მაინც იქ რჩებით, სადაც იყავით, ან თქვენ რაზე ფიქრობთ, ან თქვენი პროდასავლური მომხრეები?! თუ მიშელზე და დანიელსონზე მეტი ევროპელები ხართ?
შატალოზე მყოფ ოპოზიციასთან ლაპარაკს აზრი არ აქვს. რჩევას ხელისუფლებას მივცემ: ოპოზიცია წლებია ცდილობს ნეგატიური დღის წესრიგით შეგბოჭოთ. ახლაც იმავეს გააგრძელებენ. შეცვალეთ სამოქმედო სტრატეგია. ხალხი დაიღალა ყოფილი და მოქმედი ხელისუფლებების ჭიდილით. ამ ძიძგილაობას პურზე ვერ წაუსვამენ, კარაქის ნაცვლად. ამიტომ, მეტი დიალოგი არა ოპოზიციასთან, არამედ მოსახლეობასთან“ - წერს ამირან სალუქვაძე.